ის ხალხი, რომელიც გამოდიოდა - NGO-ები, მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები და ამბობდა, ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ისედაც ცნობილიაო, აბა, სადაა გამჭვირვალე? ეს არის ფაქტი! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო, მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხზე ჩატარებულ კვლევას შეეხებოდა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევითაც დადასტურდა ის დეზინფორმაციული, კოორდინირებული შტურმი, რომელიც საქართველოზე მიდიოდა.

„ამ შტურმში არამხოლოდ თავად NGO-ები, არამედ მათი დონორებიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც არწმუნებდნენ ქართულ საზოგადოებას და ჩვენც, მათ შორის დახურულ კარს მიღმა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ცნობილია ხალხისთვის და ა.შ. ჩავხედეთ და აღმოვაჩინეთ, რომ 500-მდე ორგანიზაციის 80%-ის გრანტი არ ვიცით რამდენია; 70%-ში საერთოდ არ ვიცით მათი დონორი ვინაა; NGO -ების 97%-ში ამბობენ, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, თუმცა ანგარიშებსაც კი არ აწვდიან საზოგადოებას, რა გააკეთეს წლის განმავლობაში ამ საზოგადოების სასარგებლოდ. 97% იმასაც კი არ კადრულობს, რომ საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, რაში დახარჯეს ფული და შინაარსობრივად რა გააკეთეს. უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცით, ვინ არიან თანამშრომლები, ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან, არამხოლოდ როგორც დონორი, არამედ ვინაა გუნდი. ვნახეთ, რომ იმ ელემენტარული შვიდ კომპონენტიანი საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ ვებგვერდი აქვთ თუ არა, დონორი ვინაა, რა მოცულობის გრანტია, ვინ მუშაობს, სრულად დაკმაყოფილებული აქვს 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას ანუ 99% შემთხვევაში, ან საერთოდ არაა ეს საბაზისო ინფორმაცია, ან არასრულია ინფორმაცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სინამდვილეში მათ ამ კანონთან პრობლემა იმიტომ კი არ ჰქონდათ, რომ ხდება სტიგმატიზაცია, სინამდვილეში, მათ და მათ დონორებს აქვთ პრობლემა, რომ არ გასაჯაროვდეს ფინანსები სად მიედინება, რა საქმეში მიედინება, რაში იხარჯება. ეს არის ამის დასტური. ეს კვლევა გასაჯაროვდა და ყველას შეუძლია ორგანიზაციების ჩამონათვალი ნახოს. თავად ამ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ გადახედონ, თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია აქვთ, შეუძლიათ მიაწოდონ ჩვენს პარტიულ სტრუქტურას და იქნება გათვალისწინებული.

ეს არის შედეგი. ის ხალხი, რომელიც გამოდიოდა, NGO-ები, მათი დონორები, მათი მოკავშირე პარტიები და ამბობდნენ, ყველაფერი გამჭვირვალეა, ყველაფერი ისედაც ცნობილიაო, აბა, სადაა გამჭვირვალე? ეს არის ფაქტი! ასე აყრიან საქართველოს მოსახლეობას ნაცარს თვალებში NGO-ები, მათი დონორები შიგნით და გარეთ, საქართველოს არაკეთილმოსურნეები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ საზოგადოებას წარუდგინა კვლევის ანგარიში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ეს კვლევა არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო, მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს.

მისი განმარტებით, ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ის არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ. ამასთან, მიქანაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია, 62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება და ლოგო, 68%-ს კი არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება.