რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე "შეუზღუდავ მანძილზე მფრენი" ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი.

"რაც  სწავლებებს, რომლებიც ჩატარდა. მსურს გენერალური შტაბის მეთაურმა მომახსენოს კიდევ ერთ მოვლენაზე, რომელიც მოკლედ ვახსენე გახსნით სიტყვაში. საუბარია შეუზღუდავი მანძილის ბურევესტნიკზე, ბირთვული ენერგეტიკული ძრავით. ვიცი, მაქვს ანგარიში, წარმოების მხრივაც და მთლიანობაშიც, ჩემთვის ცნობილია თავდაცვის სამინისტროს შეფასებაც - ეს არის უნიკალური დანადგარი, რომელიც მსოფლიოში არავის გააჩნია." - თქვა სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პუტინმა გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის დროს.

პუტინმა ამ შეხვედრაზე გასულ დღეებში ჩატარებულ წვრთნებზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოცადეს "შეიარაღების პერსპექტიული ნიმუშები". მან აღნიშნა რომ სწავლებაში მონაწილეობდა სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტი. პუტინის თქმით, წვრთნებმა "კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ბირთვული ფარის საიმედობა".

გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ ბურევესტნიკი 21 ოქტომბერს გამოცადეს. მისი თქმით, ეს გამოცდა იმით იყო გამორჩეული, რომ რაკეტა მრავალი საათის განმავლობაში დაფრინავდა. მისი თქმით, რაკეტამ იფრინა 15 საათი და 14 000 კილომეტრი დაფარა. გერასიმოვის თქმით, რაკეტას შეუძლია ამ მანძილზე მეტი რადიუსი დაფაროს. საუბარში პუტინმა და გერასიმოვმა აღნიშნეს, რომ რაკეტა ბირთვული ძრავით დაფრინავდა.

"რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები საშუალებას იძლევა მისი გარანტირებული სიზუსტით გამოყენებას ნებისმიერ მანძილზე მყოფ მაღალი დაცვის მქონე ობიექტების წინააღმდეგ." - უთხრა გერასიმოვმა პუტინს.

პუტინმა დაამატა, რომ უნდა დადგინდეს ბურევესტნიკის გამოყენების შესაძლო მეთოდები და რაკეტით არმიის შესაიარაღებლად უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა.

"ვალერი ვასილევიჩ, უნდა განვსაზღვროთ, შეიარაღების რომელ კლასს ეკუთვნის ეს ახალი სისტემა. უნდა განვსაზღვროთ გამოყენების შესაძლო მეთოდები და დავიწყოთ ინფრასტრუქტურის მზადება ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამ იარაღის განსათავსებლად." - თქვა პუტინმა.

პუტინმა ბურევესტინიკზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია პირველად 2018 წელს გაავრცელა. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი Nuclear Threat Initiative-ი წერდა, რომ 2017-2019 წლებში რუსეთმა ბურევესტნიკი, სულ მცირე, 13-ჯერ გამოცადა, თუმცა "ნახევრად წარმატებულად" მხოლოდ ორი გამოცდა დასრულდა. 2019 წელს არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის მახლობლად მდებარე პოლიგონზე მოხდა აფეთქება, რომელსაც როსატომისა და თავდაცვის სამინისტროს 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. შემდეგში რუსეთის ხელისუფლებამ ირიბად აღიარა, რომ აფეთქება რადიაციულ მატერიალებზე მუშაობასთან იყო დაკავშირებული.

2023 წელს პუტინმა განაცხადა, რომ ჩაატარეს ბურევესტნიკის "ბოლო წარმატებული გამოცდა". 2025 წლის აგვისტოში გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი ამ რაკეტის კიდევ ერთი გამოცდისთვის ემზადებოდა.

21 ოქტომბერს რუსეთში ვლადიმირ პუტინის მეთაურობით სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უნგრეთში შეხვედრის დაგეგმილი სამიტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. წვრთნების დროს გამოიყენეს ბირთვული ტრიადის ყველა კომპონენტი. რუსეთის გენშტაბის მეთაურმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ წვრთნების მიზანი იყო "ბირთვული იარაღის გამოყენების ავტორიზაციის პროცესის" სიმულაცია.

პარალელურად, გასულ დღეებში იმუქრებოდა, რომ თუ უკრაინა, ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიღების შემთხვევაში, მათ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებს, პასუხი "ძალიან ძლიერი" იქნება.