GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, 23-24 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონში, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის № 1 საჯარო სკოლასა და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის № 2 საჯარო სკოლაში, ასევე, წყალტუბოს მამუკა სამაკაშვილის სახელობის № 2 საჯარო სკოლასა და ოტია იოსელიანის სახელობის № 1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკის საკითხები განიხილეს.
შეხვედრებზე განხილული იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური თემები და მათი აღსრულების მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ვაჭრობისას. შეხვედრისას, ახალგაზრდებმა სააგენტოს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხები მიიღეს და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში სამომხმარებლო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.