მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუტს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების დასკვნით კონტურებს შეკრავს. "ოცნების" ლიდერების აზრით, სალომე ზურაბიშვილმა ზეპარტიული თანამდებობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ყაველაშვილი კი, 29 დეკემბრიდან, ამ ტენდენციას შეცვლის.
29 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციას არალეგიტიმურს უწოდებენ ოპოზიციაში. ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლე არ უნდა დატოვოს. პოლიტიკოსების აზრით, ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილის ხედვები რომ თანხვედრაშია, არ უკვირთ მოძრაობაში "ხალხის ძალა". არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკური თანაგუნდელები ზურაბიშვილისგან პროვოკაციებსაც კი არ გამორიცხავენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ, ორი კვირის შემდეგ, საქართველო სრულიად ახალ რეალობაში გადაინაცვლებს.
მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას ქართული პოლიტიკისთვის პოზიტიურ მოვლენას უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები განმარტავენ, რომ პრეზიდენტი, წლებია, ქვეყნის მთავარი კანონით მინიჭებულ უფლებებს არღვევს, მისი მხრიდან, პოსტის შენარჩუნებაზე საუბარი კი საზოგადოების დაპირისპირების მორიგი მცდელობაა.
14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ, 224 ხმით, ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ყაველაშვილი ოფიციალურად უფლებამოსილების განხორციელებას 29 დეკემბრიდან შეუდგება. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური გახდა. საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანი იყო.
ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2015 წელს მან კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ იმ დროს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.
მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ - მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
წყარო: რუსთავი 2