მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ პრივატიზაცია სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების განკერძოებას გულისხმობს. არსებული აქტივების განკერძოება და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაბმა მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

საქართველოში პრივატიზაციის ოთხი ძირითადი პერიოდი გამოიყოფა:

  • ეტაპი 1 - მცირე პრივატიზაცია
  • ეტაპი 2 - მასიური პრივატიზაცია
  • ეტაპი 3 - აგრესიული პრივატიზაცია
  • ეტაპი 4 - პრივატიზაცია დღეს

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული პრივატიზაციის სხვადასხვა ეტაპი მიმდინარეობდა, საქართველოში კერძო საკუთრების დამკვიდრების კუთხით გამოწვევები კვლავ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არსებული რესურსების დიდი ნაწილი კვლავ სახელმწიფოს ბალანსზეა.

კვლევებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ჯამში  2 178,4 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა არსებობს. უშუალოდ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოცემული ინფორმაცია 2021 წლის მაჩვენებლებს წარმოადგენს. აქედან დაახლოებით 55-57% კვლავ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს.

სახელმწიფოს მთლიან საკუთრებაში აქვს ასევე სასარგებლო წიაღისეული, ტყის რესურსი, წყლის რესურსი, ნავთობისა და გაზის საბადოები, ასევე სახელმწიფო საწარმოები, მათ შორის, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ფოსტა,სახელმწიფო ელექტროსისტემა და ასე შემდეგ.

საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენი ეკონომიკა თავისი პოტენციალის დაახლოებით 30%-ს იყენებს, ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი აქტივები უბრალოდ გამოთიშულია ეკონომიკური აქტივობიდან და მოსახლეობა ვერ სარგებლობს.

პრივატიზაციის ნელი ტემპების მთავარი  მიზეზი არსებული მოდელია, რომელიც ფულზე პრივატიზაციას გულისხმობს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაბალია. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9 % - ს შეადგენს. ცხადია, დაბალი შემოსავლების ფონზე მოსახლეობის დიდი ნაწილი პრივატიზაციის პროცესისგან უბრალოდ გამოთიშულია, მათ არ აქვთ შესაძლებლობა გარკვეული აქტივების მესაკუთრეები გახდნენ, რაც შემდგომში პრივატიზაციის არსებული არაეფექტიანი პოლიტიკის მიზეზიც ხდება.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, საჭიროა პრივატიზაციის ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ქვეყნის სოციალური ფონის ადეკვატური იქნება. ასეთი მოდელი კი „უფასო პრივატიზაციაა“, რომელიც სპეციალური საინვესტიციო ფულის საშუალებითაა შესაძლებელი რომ განხორციელდეს. მარტივარ რომ ვთქვათ, უნდა შეიქმნას სპეციალური საპრივატიზაციო ფული „ინვესტი“, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებს ყველა რეზიდენტი 1 000 ერთეულის სახით. საპრივატიზაციო ფულის საშუალებით კი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს თანაბარ სასტარტო პირობებში პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობისას. რაც შეეხება უშუალოდ პრივატიზაციის პროცესს. შესაძლებელია, რომ გარკვეული აქტივები აუქციონის სახით გამოვიდეს როგორც აქციებად, ისე ლოტებად. მაგალითად, მიწის ლოტი, ან კონკრეტული საბადოსა თუ საწარმოს აქციები. ამ აუქციონზე კი მონაწილეობა შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უშუალოდ სპეციალური საპრივატიზაციო ფულის საშუალებით. ამ სურათის უფრო ნათლად დასანახად შეგვიძლია მცირე მოდელირებას მივმართოთ. მაგალითად, აუქციონზე გამოდის კახეთში არსებული 15 ჰექტარი მიწა. აუქციონზე მონაწილეობას მიიღებენ ის რეზიდენტები, რომელთათვისაც აღნიშნული აქტივი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რომელი რეზიდენტიც, ან თუნდაც რეზიდენტების ჯგუფიც ყველაზე დიდი რაოდენობით გადაიხდის საპრივატიზაციო ფულს(ინვესტს), სწორედ ის/ისინი გახდებიან მესაკუთრეები. ასეთი მოდელირება შეგვიძლია განვახორციელოთ უშუალოდ აუქციონზე აქტივის აქციებად გამოტანის პირობებშიც. ამ დროს ყველა ადამიანს შეაქვს გარკვეული რაოდენობის საპრივატიზაციო ფული. ზოგი შეიტანს 100 ინვესტს, ზოგი 1000, ზოგიც კი 10 000-ს. შესაბამისად შემდგომში ეს შეტანილი ინვესტები დაჯამდება და პროცენტულად ვინც რამდენს შეიტანს ის გახდება აქციების სხვადასხვა პორციის მფლობელი. ვინც ყველაზე მეტს შეიტანს მას ექნება აქციების ყველაზე დიდი წილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ფონზე განვითარდება ასევე საპრივატიზაციო ფულის(ინვესტი) მეორადი ბაზარი, სადაც გარკვეულ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ქვეყანაში დეკრეტული ფულის(ლარი) საშუალებით იყიდონ ეს საპრივატიზაციო ფული, რათა შემდგომში უფრო მეტი ქონების მესაკუთრეები გახდნენ. ამ პათოსში შეჯახების წერტილი შესაძლოა იყოს ის, რომ ამ დროს მდიდარი მაინც დიდი რაოდენობით საპრივატიზაციო ფულს ჩაიგდებს ხელში, რაც განკერძოების ამ პროცესს არასამართლიანს გახდის. თუმცა ამ არგუმენტის გაბათილება შესაძლებელი იქნება, რადგან საბაზრო მექანიზმებიდან გამომდინარე, როდესაც საპრივატიზაციო ფულ ინვესტზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მისი ფასის მნიშვნელოვან ზრდას, რაც ასევე ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს საპრივატიზაცო ფული მთლიანად არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში.  ანუ გამოდის, რომ მოცემული მეთოდის პირობებში ქვეყანაში წაგებული არავინ რჩება.