თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2024 წლის ბოლოს სასტუმროების ჰაბის მშენებლობა დასრულდება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“, 1500 ნომრიანი 25 ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ რა პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს აღნიშნული ტერიტორია საგზაო მოძრაობის კუთხით და რამდენად შეძლებს დიდი რაოდენობის ნაკადების გატარებას არსებული ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე „კომერსანტთან“ საუბრობს.
„ნებისმიერი ქალაქი რომ ავიღოთ, შენობები რომლებიც არსებობდა და ჰქონდა თავისი ინფრასტრუქტურა, შეიძლება გადაკეთებულა სასტუმროდ, მაგრამ ისე რომ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, სადაც ისედაც სატრანსპორტო მოძრაობის კოლაფსია, აშენდეს დიდი სასტუმრო, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მახსენდება.
თავის დროზე ასეთი შეცდომა ამერიკაში დაუშვეს, ტენდენცია იყო მაღალსართულიანი ცათამბჯენების და სასტუმროების მშენებლობების, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო კოლაფსი, ისწავლეს ჭკუა და ამიტომ ჯერ გზას აკეთებენ და ხდება გათვლა, თუ რას აიტანს კონკრეტული მონაკვეთი და იმის მიხედვით შენდება შენობები თუ სასტუმროები“, - ამბობს მევლუდ მელაძე.
მისი თქმით, კონკრეტული ადგილი ისედაც დატვირთულია, გეგმაში კიდევ სხვა ცათამბჯენებიც არის, ამიტომ რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ასეთმა გრანდიოზულმა შენობებმა.
„ქალაქის ცენტრში, სადაც ისედაც საგზაო კოლაფსია, დიდი სასტუმროების ქსელის მშენებლობა არასწორად მიმაჩნია. არამარტო მე, სპეციალისტების უმრავლესობა ასე თვლის, რომ ნებისმიერი დიდი შენობა, რაც არ უნდა გაკეთდეს, გარდა საგზაო მოწყობისა, უნდა იყოს გათვლილი შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ინფრასტრუქტურაზე, ვიმედოვნებ ამ კუთხით აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინეს. თუმცა მთავარია სატრანსპორტო მოწყობა და ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს აღნიშნული ტერიტორია. კონკრეტული ადგილი ისედაც დატვირთულია, გეგმაში არის კიდევ სხვა ცათამბჯენებიც, ამიტომ წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ამხელა გრანდიოზულმა შენობებმა.
ქალაქი უნდა გაიშალოს და ახალი სივრცეები უნდა გაჩნდეს, სადაც შესაბამისი ნაკადები იქნება გათვლილი და საპარკინგე ადგილები მოეწყობა. თუმცა სანამ ჩვენთან ჯერ კიდევ ასეთ სარფიან ადგილებზე მშენებლობა შეიძლება, ამ შანსს არავინ გაუშვებს.
რაც შეეხება ინვესტორებს, მისთვის სამიზნეა მეტი სარგებელი მიიღოს, ამიტომ მისთვის მისაღები იქნება ეს ადგილი, ასევე შესაძლოა დიდი პრობლემა არ შეიქმნას ტურისტისთვისაც, რომელიც რამდენიმე დღე გაჩერდება იქ, მთავარი პრობლემა ქალაქის და მით უმეტეს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა“, - აღნიშნავს მევლუდ მელაძე.