ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა გამოცადა რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის გენშტაბის ხელმძღვანელთან გამართული თათბირისას განაცხადა.
პუტინის თქმით, ამ კვირაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სტრატეგიული შეტევითი ძალების წვრთნები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც შესრულდა სტრატეგიული ბირთვული ძალების სამივე კომპონენტის სასწავლო-საბრძოლო გაშვება და ასევე მოხდა შეიარაღების პერსპექტიული ნიმუშების გამოცდა.
თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა ფრთოსან რაკეტა „ბურევესტნიკს“ უნიკალური უწოდა. მისივე თქმით, აუცილებელია ამ რაკეტის გამოყენების საშუალებების განსაზღვრა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადება, რათა ის შეიარაღებულ ძალებს დაემატოს.
ამასთან, როგორც რუსეთის გენშტაბის უფროსმა განაცხადა, „ბურევესტნიკის“ გამოცდა 21 ოქტომბერს მოხდა. რაკეტამ 14 0000 კილომეტრი იფრინა და ჰაერში 15 საათი იმყოფებოდა.
„რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები იძლევა საშუალებას, რომ ის გარანტირებული სიზუსტით იყოს გამოყენებული, კარგად დაცული ობიექტების წინააღმდეგ, ნებისმიერ მანძილზე“, – განაცხადა გერასიმოვმა.
რუსეთის მიერ რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ.
ცნობისთვის, რაკეტა „ბურევესტნიკზე“, რომელსაც ნატო-ში SkyFall-ს უწოდებენ, მუშაობა უკვე ათი წელია, მიმდინარეობს. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ რაკეტას ამუშავებს მცირე ზომის ბირთვული რეაქტორი, რომელიც ძრავშია ჩამონტაჟებული, რაც თეორიულად იძლევა საშუალებას, რომ რაკეტა ჰაერში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩეს.
„ბირთვული საფრთხის შესახებ ვაშინგტონის ინიციატივის“ 2019 წლის ანგარიშის თანახმად, Skyfall-ი იქნება ბირთვული ქობინის მატარებელი რაკეტა, რომელსაც შეეძლება დედამიწის შემოვლა დაბალ სიმაღლეზე, ის გვერდს აუვლის, როგორც ანტისარაკეტო სისტემებს, ისე რელიეფის დაბრკოლებებს, შემდეგ კი ქობინს ისვრის რთულად პროგნოზირებად ადგილზე“.
რუსეთის პრეზიდენტმა საკონტინენტთაშორისო რაკეტის განვითარების შესახებ პირველად 2018 წელს განაცხადა. გავრცელებული ცნობით, 2017-დან 2019 წლამდე რუსეთმა აღნიშნული რაკეტა 13-ჯერ გამოცადა და მხოლოდ ორი გამოცდა იყო წარმატებული.