„როიტერის“ ცნობით, გასულ კვირაში აზიურ ბაზრებზე ნავთობის ფასები ოდნავ დაეცა და კლებისკენ წავიდა, რაზედაც გავლენა მოახდინა ინფორმაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას მიეძღვნება.
ბრენტის ფიუჩერსები 8 ცენტით, ანუ 0.13 პროცენტით გაიაფდა და ბარელზე 60.98 დოლარი შეადგინა.
აშშ-ში მსუბუქი ნედლი ნავთობის ფასი კი 9 ცენტით, ანუ 0.16 პროცენტით დაეცა და 1 ბარელის ღირებულება 57.37 დოლარამდე ჩამოვიდა.
ამ ორივე წამყვანი მარკის ფასი თითქმის 3-პროცენტიანი ყოველკვირეული კლებისკენ მიემართება, რაც, ნაწილობრივ, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშმა განაპირობა, რომელიც 2026 წელს მიწოდების ჭარბ რაოდენობას პროგნოზირებს.
16 ოქტომბერს ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 1.37 პროცენტით, ხოლო ნედლი ნავთობის ღირებულება 1.39 პროცენტით დაეცა, რითაც 5 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა.
უნგრეთის დედაქალაქში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო ახალი შეხვედრის შესახებ ცნობა, რომელიც 16 ოქტომბერს გახდა ცნობილი, მოსკოვისთვის კიდევ ერთ მოულოდნელობად იქცა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესაძლო გაწევით გამოწვეული შეშფოთების შემდეგ.
ფასებზე დამატებითი ზეწოლა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს უახლესმა მონაცემებმაც მოახდინა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ნავთობის მარაგი გასულ კვირას 3.5 მილიონი ბარელით გაიზარდა და 423.8 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც ბევრად აღემატება მხოლოდ 288 ათასი ბარელით ზრდის მოლოდინს.
მარაგების ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვის შემცირებით, რომლებიც საშემოდგომო ტექნიკურ მომსახურებაზე გადადიან. ამავდროულად, აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ ნიშნულს, დღეში 13.636 მილიონ ბარელს მიაღწია.
წყარო: 1 არხი