აშშ-მა სანქციები დაუწესა კოლუმბიის პრეზიდენტსა და მისი მოკავშირეების ქსელს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ანტინარკოტიკული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იყო მიღებული.

სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, კოლუმბიის პრეზიდენტთან ერთად სანქციები დაუწესდებათ პეტროს მეუღლეს, შვილსა და ახლო მოკავშირეებს.

„გუსტავო პეტროს კოლუმბიის ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ კოლუმბიაში კოკაინის წარმოებამ ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ ტემპებს მიაღწია, რამაც წალეკა აშშ და მოწამლა ამერიკელები“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

მისივე თქმით, კოლუმბიის პრეზიდენტმა უარი თქვა ნარკოკარტელების აქტივობების შეწყვეტაზე და მათ განვითარებას შეუწყო ხელი.

„ჩვენ არ დავუშვებთ ნარკოტიკების შეტანას ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს ბესენტი.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები ითვალისწინებს გუსტავო პეტროსთან, მის ოჯახის წევრებსა და მოკავშირეებთან დაკავშირებული აშშ-ში მდებარე აქტივებისა და ქონების ბლოკირებას. ასევე, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთა 50 პროცენტზე მეტს ფლობენ კოლუმბიის პრეზიდენტი, მისი ოჯახის წევრები ან ის მოკავშირეები, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები დააწესა.