მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საცალო სამედიცინო დაზღვევის ბაზარი გაიზარდა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში 96 356 ასეთი პაკეტი მოქმედებდა, მათგან წლის დასაწყისიდან კი გაფორმდა 74 194.
ერთი კვარტლის წინ საცალო სამედიცინო პოლისების რაოდენობა 91 564 იყო,
ინდივიდუალური დაზღვევის ბაზრის ზრდა უკვე მეორე კვარტალია, შედარებით მაღალ ტემპებს აჩვენებს.
როგორც სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, ეს ზრდა სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევის შემოღებას უკავშირდება, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
ჯაფარიძის თქმით, ეს ბაზარზე ახალი ტრენდია და მისი მიზეზია სავალდებულო დაზღვევის შემოღება უცხოელი ტურისტებისთვის.
„იმ ადამიანების ნაწილმა, რომლებიც საქართველოში შედარებით გრძელვადიანი პერიოდით ცხოვრობენ, იანვრიდან იყიდა არა გადაუდებელი სავალდებულო დაზღვევა, არამედ ჩვეულებრივი სადაზღვევო პაკეტები. ამ მცირე ინიციატივამაც კი, რომელიც თავისთავად არაა ძალიან დიდი, ბაზარს შედეგები მოუტანა,“ - აცხადებს ჯაფარიძე და ამასთან, ამბობს, რომ აღსრულების ნაწილში მეტი სიცხადე უნდა იყოს, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობაზე სანქციები რეალურად აღსრულდება.
ამასთან, მისი თქმით, ახალი რეგულაცია არ მოითხოვს ქართული კომპანიების პოლისების შეძენას და ამიტომ საქართველოს სადაზღვევო სექტორმა და შესაბამისად, ეკონომიკამ იმაზე ნაკლები სარგებელი მიიღო, ვიდრე შეეძლო მიღება, თუ ქართული სადაზღვევო კომპანიების პოლისები იქნებოდა მოთხოვნილი.