კუჭის წყლული საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მიმდინარეობის მიხედვით, ის შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.

კუჭის წყლულის სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებზე, „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტლსის“ გასტროენტეროლოგმა თეონა ჯანაშიამ ესაუბრა.

  • რა არის კუჭის წყლული და რომელი ძირითადი სიმპტომები ახასიათებს მას?
  • კუჭის წყლული კუჭის ლორწოვანი შრის დეფექტია, კუნთოვან შრემდე. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, უფრო ნალებად საყლაპავის წყლულოვანი დაავადება.
  • რომელია კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზები?
  • კუჭის წყლულის მთავარი გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია, ბაქტერია, რომელიც კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და ხელს უწყობს პათოლოგიის ჩამოყალიბებას. დაავადების შემთხვევათა ნახევარზე მეტს სწორედ ჰელიკობაქტერ პილორით ინფიცირება განაპირობებს. კიდევ ერთი მთავარი მიზეზი არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო მედიკამენტებია, ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივად და დიდი დოზებით მოხმარება, ლორწოვანი გარსის დამცველობითი ფუნქციის შესუსტებას იწვევს. ასევე არასწორი კვება და გენეტიკური წინასწარგანწყობა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კუჭის ჭყლულის ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლდენა. ასევე გართულებაა, პერფორაცია (როდესაც კუჭს ან თორმეტგოჯა ნაწლავს წყლული ხვრეტს), პენეტროცია (წყლულის ჩაზრდა მეზობელ ორგანოში) და სტრიქტურა (როდესაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბურის შევიწროება ვითარდება). მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს კუჭის წყლულის გამომწვევი მიზეზების და სიმპტომების შესახებ, რომ ეს გართულებები თავიდან ავიცილოთ.

  • როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
  • წყლულის სიმპტომებიდან ექიმთან მიმართვიანობა ყველაზე ხშირი ეპიგასტრიული ტკივილის გამოა, რომელიც ძლიერდება მშიერ კუჭზე ან ჭამის შემდეგ, გააჩნია წყლულის ლოკალიზაციას. ასევე ხშირია ექიმთან მომართვა, გულძმარვის, გულის რევის შეგრძნების, ღებინების, წონაში კლების ან მადის დაქვეითების გამო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ექიმს მიმართოს მაშინ, როდესაც ტკივილს აქვს ინტენსიური ხასიათი და სიმპტომებს აქვს რეციდიული ანუ განმეორებითი ბუნება, ასევე აღენიშნება სისხლიანი ღებინება ან მელენა (შავი ფერის, შედედებული, სისხლიანი განავალი).

ექიმთან დროულად მიმართვა აუცილებელია დიაგნოზის სწორად დასმისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

  • როგორ ხდება კუჭის წყლულის დიაგნოსტირება და დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?
  • კუჭის წყლულის დიაგნოსტირება მოიცავს სხვადასხვა გამოკვლევებს, რაც ეხმარება ექიმს დაავადების შეფასებაში და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენაში.

კუჭის წყლულის დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდია ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიაა, რომელიც გვეხმარება შევაფასოთ საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მდგომარეობა, შეაფასოს პათოლოგიური პროცესი  და მოხდეს ბიოფსიური მასალის აღება და მისი მორფოლოგიური შესწავლისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ კუჭის წყლულის შემთხვევათა უმეტესობა ჰელიკობაქტერ პილორითაა გამოწვეული, მისი დადგენა ხდება როგორც აღებული ბიოფსიური მასალით და მისი მორფოლოგიური შესწავლით,  ასევე პაციენტს უტარდება სუნთქვითი  ურეაზული  სწრაფი ტესტი, სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე და განავლის ტესტი ანტიგენზე, რომლებიც ადასტურებს ან გამორიცხავს ბაქტერიით ინფიცირებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის და დიაგნოსტიკის მეთოდი „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია და წარმატებით ხორციელდება.

  • რა არის ბიოფსია და რისთვის არის საჭირო?
  • ბიოფსია არის ენდოსკოპიური პროცედურის დროს პათოლოგიური პროცესიდან ნიმუშის აღება და მისი მორფოლოგიური შესწავლა, რათა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი და შეფასდეს პათოლოგიური პროცესი. შესაბამისად მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • კუჭის წყლულის განვითარების პროფილაქტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
  • პროფილაქტიკა და მკურნალობა გულისხმობს, როგორც წყლულის განვითარებას ისე მისი განმეორებითი ჩამოყალიბების თავიდან აცილებას. პროფილაქტიკა დაავადების განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია და მოიცავს სწორ კვებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, ექიმთან დროულ ვიზიტს. გარდა ამისა, თვითმკურნალობას ხელის შემშლელია, რადგან პროცესს ახანგრძლივებს.

მკურნალობა მოიცვს პროტონულ ტუმბოს მიღებას, რომელიც აქვეითებს მჟავიანობას. ჰელიკობაქტერ პილორის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება.