კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში.

აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18-თვიანი მუშაობის შედეგად,  ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, ხარისხის 1,200-მდე სტანდარტი დანერგა. JCI-ის (Joint Commission International) ექსპერტების მიერ კომპლექსურად შეფასდა შემდეგი მიმართულებები: პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხოება-ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მკურნალობის ხარისხი და ეფექტურობა, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მექანიზმები, საექთნო ზრუნვა, მედიკამენტების მართვის უსაფრთხო პოლიტიკა, სტრატეგიული მართვა და ხარისხის კულტურა, სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია, განათლების და განვითარების მუდმივობა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებები და კონფიდენ-ციალურობის დაცვა, პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჰოსპიტლის სადიაგნოსტიკო ტექნოლოგიების სანდოობა, სიზუსტე და უსაფრთხოება, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა, სამედიცინო მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესები.

JCI აკრედიტაციის კომისიის დასკვნით, ჰოსპიტალი სრულად აკმაყოფილებს სამედიცინო მომსახურების უმაღლეს სტანდარტს და შეესაბამება პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო მიზნებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრი შეუერთდა JCI აკრედიტებული ჰოსპიტლების დიდ ოჯახს, სადაც მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრებია გაერთიანებული. მათ შორისაა საერთაშორისოდ აღიარებული კლივლენდის კლინიკა, მეიოს კლინიკა, აჯიბადემისა და ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტლები.

„ეს აკრედიტაცია ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდების შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია - ჩვენი ურყევი ფოკუსი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაა. მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს მიერ გაცემული აღიარება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას, როგორც ჯანდაცვის ლიდერს რეგიონში, რომელიც მუდმივად მუშაობს ქვეყანაში საერთაშორისო დონის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე, პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივ გაუმჯობესებაზე. უმაღლესი დონის საერთაშორისო აკრედიტაცია საქვეყნო მნიშვნელობის მოვლენაა. ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ კავკასიის მედიცინის ცენტრს ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.“ - სოფო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

ამიერკავკასიის რეგიონში სამედიცინო სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გლობალურ ჯანდაცვაში ხარისხის ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI-ს აკრედიტაცია სამედიცინო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. კლინიკური საჭიროების მქონე ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი JCI-ის მიერ აკრედიტებულ ჰოსპიტლებს ანიჭებს უპირატესობას, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო იმიჯს ქმნის. შესაბამისად, კავკასიის მედიცინის ცენტრის საერთაშორისო აღიარება აძლიერებს ქვეყნის პოზიციას სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში.