„გულის MRI ოქროს სტანდარტის კვლევაა მიოკარდიუმის ფუნქციის შეფასებისა და ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლების გამოსავლენად, გულის კუნთის არითმოგენული დისპლაზიის დროს, კვლევა შეუცვლელია გარკვეული სახეობის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების, გულის უკმარისობის, გულის მოცულობითი წარმონაქმნების, პერიკარდიუმის დაავადებების შეფასებისას“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგმა და რადიოლოგმა ლიკა კაპანაძემ კარდიო MRI-ზე საუბრისას განაცხადა, რომლის ჩატარებაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ Siemens-ის უახლესი, 3-ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებითაა შესაძლებელი. ლიკა კაპანაძის თქმით, კლინიკას არა მხოლოდ უახლესი მოდელის აპარატი და პროგრამების კარდიალური პაკეტი აქვს, ჰყავს ექიმი რადიოლოგი, რომელიც ამავე დროს ექიმი-კარდიოლოგია და რომელსაც სიღრმისეულად აქვს შესწავლილი გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე გულის როგორც შეძენილი, ასევე თანდაყოლილი ანომალიები.
ლიკა კაპანაძემ „კომერსანტს“ დეტალურად უამბო, რა უპირატესობები აქვს გულის MRI კვლევას, რა შემთხვევაში, ვისთვისაა რეკომენდებული ამ კვლევის ჩატარება და როგორია მისი სპეციფიკა.
რა ტიპის რადიოლოგიურ კვლევაა გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (კარდიო MRI), რა არის მისი უპირატესობები სხვა ამ ტიპის ტომოგრაფებთან შედარებით?
ლიკა კაპანაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგი და რადიოლოგი: გულის MRI კვლევა მაღალი დონისა და განვითარების სიღრმისეული გამოკვლევა გახლავთ, რომელიც მაგნიტური ველის და რადიო სიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება და ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით გულის მაღალი დონის გამოსახულებას გვაძლევს.
აღსანიშნავია, რომ გულის MRI კვლევა არაინვაზიური კვლევაა (ასეთ დროს ადამიანის ორგანიზმში ჩარევა არ ხდება) და, რაც მთავარია, მაღალი დონის გამოსახულებას მაიონიზებელი დასხივების გამოყენების გარეშე ვიღებთ.
რა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია?
უფრო და უფრო მატულობს დაავადებების ჩამონათვალი, რომლის დიაგნოსტიკისთვის ან შემდგომ მართვის პროცესში, ამერიკისა და ევროპის გულის ასოციაციების მიერ, MRI კვლევაა მოწოდებული.
ეს არის კვლევა, რომლის საშუალებითაც ვაფასებთ როგორც გულის ანატომიასა და ფუნქციას, ასევე სისხლის ნაკადს და ვახდენთ გულის ქსოვილის დახასიათებას.
და რაც უმთავრესია, გულის MRI კვლევით შესაძლებელია გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერც ერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება. ამიტომ, ამ კვლევას აქვს დიდი როლი იმ დაავადებების დიაგნოსტიკაში და მართვაში, რომელიც გულის კუნთის დაზიანებით მიმდინარეობს, მაგალითად - მიოკარდიტი და გულის კუნთის ანთება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კვლევის ჩატარება დაავადების მწვავე ფაზაში, პირველი 2 კვირის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, გვაქვს თუ არა საქმე გულის კუნთის ანთებასთან და შემდგომ პერიოდში პერიოდული მეთვალყურეობით შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად „ალაგდა“ ანთებითი პროცესი და ხომ არ მოხდა ნაწიბურის ჩამოყალიბება.
გულის MRI კვლევა გულის სხვადასხვა მემკვიდრეობითი დაავადების დროს გამოიყენება. ასეთი დაავადებებია: ჰიპერტროფული კარდიომიოპათია, არითმოგენული კარდიომიოპათია და სხვა რიგი გულის პათოლოგიები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MRI კვლევა გულის კუნთის დაავადებების, მაგალითად - კარდიომიოპათიების დროს, ეს კვლევა გვაძლევს ქსოვილის დახასიათებას, რა ქსოვილით არის ჩანაცვლებული გულის კუნთი, არის ეს ნაწიბური, თუ ცხიმოვანი ქსოვილი. სხვა არც ერთი არაინვაზიური კვლევა არ გვაძლევს მსგავს ინფორმაციას.
გულის MRI კვლევა მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას გვაძლევს. ის გამოიყენება გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკაში, განსაკუთრებით კომპლექსური თანდაყოლილი მანკების დროს, როდესაც განმეორებითი ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი, მაგალითად - ფალოს ტეტრადის ქირურგიული ჩარევის შემდეგ, როდესაც პაციენტის ზრდასთან ერთად ჩასანერგია ფილტვის არტერიის სარქველი. ანუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვიღებთ იმ ზუსტ ინფორმაციას, რომლის მიღება სხვა კვლევით შეუძლებელია. ეს გახლავთ მარჯვენა პარკუჭის ზუსტი მოცულობა და მისი ფუნქცია, ამ მონაცემით ხდება გადაწყვეტილების მიღება - საჭიროებს თუ არა პაციენტს სარქვლის იმპლანტაცია. გთმ მქონე პაციენტებში ამ კვლევამ ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა (კათეტერიზაცია), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც სიცოცხლის მანძილზე განმეორებითი ანგიოგრაფიული კვლევის ჩატარება უწევთ და ანგიოგრაფიული კვლევა კი პირველ რიგში ინვაზიური კვლევაა და შემდეგ უკვე - მაიონიზებელი დასხივების ქვეშ მიმდინარე კვლევა.
გულის MRI კვლევა, ასევე, ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევაა პაციენტებში გულის სიმსივნური წარმონაქმნების, თრომბების აღმოსაჩენად და საკვლევად.
რა განსხვავებაა გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და სხვა რადიოლოგიურ კვლევებს შორის? რა უპირატესობები აქვს გულის MRI-ს?
ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ, რომ კვლევა მაიონიზებელი დასხივების გარეშე ტარდება.
ამასთან ერთად, კვლევა მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას გვაძლევს. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, გულის მუშაობის ვიდეოებს ვიღებთ, ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს და მის ფუნქცია ვაფასებთ. არის გარკვეული დაავადებები, როდესაც დიაგნოსტიკაში პრიორიტეტულია კომპიუტერული ტომოგრაფია და არის დაავადებები, როდესაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. რიგ შემთხვევაში პაციენტს ორივე კვლევის ჩატარება სჭირდება. მაგალითად, როცა გულის კუნთის ქსოვილის დაზიანებისა (რა სახის დაზიანებაა, არის ანთებითი პროცესი, თუ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ გადატანილი ნაწიბური და მისი მასშტაბი) და სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასება და ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის დათვლაა საჭირო, მაშინ გულის MRI კვლევა უნდა დაინიშნოს. თუკი თქვენს ექიმს სურს, მაგალითად, შეაფასოს გულის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობა, მაშინ სჯობს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდეს.
თუ გულის MRI კვლევას ექოკარდიოსკოპიას შევადარებთ, ეს უკანასკნელი გვაძლევს საშუალებას, რომ გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებები შევაფასოთ, ანუ გულის კუნთი გარკვეულ ადგილებში არის თუ არა ჩანაცვლებული ნაწიბუროვანი ქსოვილით (რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს არითმიის წარმოქმნის წყაროს).
ამასთან ერთად, გამოსახულების მიღება ჭარბი წონის მქონე პაციენტებში არ არის გაძნელებული, როგორც ექოკარდიოსკოპიის დროს. ასევე ექოკარდიოსკოპიით შეზღუდულია გამოსახულების მიღება ისეთ პაციენტებში, ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამიტომ, გულის სტრუქტურის და ფუნქციის მეტი გარჩევადობისთვის, გულის MRI კვლევა ინიშნება.
გულის MRI კვლევა ასევე იძლევა კარგ ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ პაციენტის მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში გვეხმარება.
არის თუ არა ისეთი დაავადებები, რომლის დიაგნოსტირება სხვა რადიოლოგიური კვლევებით არ იყო თვალსაჩინო და კარდიო MRI-ს საშუალებით შესაძლებელი გახდა?
გულის MRI კვლევა ოქროს სტანდარტის კვლევას წარმოადგენს მიოკარდიუმის ფუნქციის, მოცულობის შეფასებაში და ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლების გამოსავლენად.
ასევე ის გახლავთ უნიკალური კვლევა ქსოვილის დაწვრილებითი, მიოკარდიუმის შეშუპებისა და მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებისას (ანუ სისხლმომარაგების და ეგრე წოდებული სიცოცხლის უნარიანობის შეფასებაში). ასევე, გულის კუნთის არითმოგენული დისპლაზიის დროს, როდესაც მიოკარდიუმის (გულის კუნთის ქსოვილის) ჩანაცვლება ცხიმოვანი ქსოვილით ხდება, რომელიც გენეტიკური დაავადებაა და მემკვიდრეობით გადაეცემა და სხვა ისეთი მემკვიდრეობითი დაავადების დროს, როგორიცაა სხვადასხვა სახის კარდიომიოპათიები.
გულის MRI კვლევა გახდა შეუცვლელი გარკვეული სახეობის - გულის თანდაყოლილი პათოლოგიების, გულის უკმარისობის, გულის მოცულობითი წარმონაქმნების, პერიკარდიუმის დაავადებების შეფასებისას.
შეძენილი პათოლოგიებს შორის, მხოლოდ ამ კვლევით შეიძლება გამოვავლინოთ და დავასაბუთოთ გულის კუნთის ანთება ანუ მიოკარდიტი იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც გულის კუმშვადი ფუნქცია ჯერ კიდევ დარღვეული არ არის.
თანდაყოლილ პათოლოგიებში მხოლოდ მისი შესაძლებლობითაა მოწოდებული მარჯვენა პარკუჭის შეფასება, რათა გადავწყვიტოთ, არის თუ არა ბავშვი განმეორებით საოპერაციო ფალოს ტეტრადის შემთხვევაში.
გულის MRI ასევე კარგ ინფორმაციას იძლევა გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ პაციენტის მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში გვეხმარება.
როგორია კარდიო MRI-ს პროცედურა? რამდენ ხანს გრძელდება და სჭირდება თუ არა პაციენტს რაიმე განსაკუთრებული მომზადება?
გულის MRI ე.წ. მაღალი დონის კვლევაა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მარტივად ხელმისაწვდომი არაა. არ არის საკმარისი მხოლოდ უახლესი აპარატის ან ძლიერი სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენა, აუცილებელია, ამასთან ერთად, შეიძინოს ე.წ. პროგრამების კარდიალური პაკეტი, რომელიც მიღებული მონაცემების დამუშავების და ზუსტი ციფრების მიღების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, აუცილებელია, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მოწვევა, ვინც თანაბრად არის კვალიფიცირებული, როგორც რადიოლოგიაში, ასევე კარდიოლოგიაში. „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის MRI სკანერისა, გვაქვს სპეციალური პროგრამები, რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას და ასევე ექიმი, რომელიც ამ კვლევას ატარებს და შემდეგ ამუშავებს მონაცემებს გახლავთ არა მხოლოდ ექიმი რადიოლოგი, რომელიც MRI აპარატს ფლობს, მაგრამ ასევე ექიმი-კარდიოლოგი, რომელიც სიღრმისეულად შესწავლილი აქვთ გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე გულის როგორც შეძენილი, ასევე თანდაყოლილი ანომალიები.
მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო 40 წთ-დან 1 საათია. ვინაიდან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მისაღებად აუცილებელია სუნთქვის შეკავება. ტარდება როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში, არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. უბრალოდ ბავშვებს 8 წლის ასაკში, როგორც წესი უჭირთ ადეკვატური სუნთქვის შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება. ამიტომ, ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება.
ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა ორგანოს MRI-სთან არის ის, რომ კვლევა პაციენტის ეკგ სინქრონიზაციით ტარდება, რათა აპარატმა გულის ციკლი გარკვეულ ფაზაში დაასკანეროს და მაღალი გარჩევადობის გამოსახულება მივიღოთ.
გულის MRI კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება.
ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს როგორს კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მის გარეშე, გააჩნია რა კლინიკური კითხვა აქვს თქვენს ექიმს. ძალიან ხშირად, როდესაც კვლევაში სიტყვა „ტომოგრაფია“ ფიგურირებს, პაციენტს ჰგონია, რომ კვლევა მაიონიზებელი დასხივების გამოყენებით ტარდება, თუმცა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაიონიზებელი დასხივების გამოყენებას არ გულისხმობს. იმ პაციენტებში, ვისაც კონტრასტული ნივთიერების გამოყენება სჭირდება, პროცედურამდე პერიფერიულ ვენაში კათეტერის ჩაყენება ხდება.
ვის ურჩევთ ამ კვლევის ჩატარებას?
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა იმ პაციენტებისთვის, ვისაც გულის კუნთის დაზიანება აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ასევე - გული კუნთის ანთების (მიოკარდიტი) და მისი გადატანის შემდგომ; ისეთი პაციენტებისთვის, ვისთანაც კარდიომიოპათიის არსებობაზეა ეჭვია, ასევე იმ პაციენტების ოჯახის წევრებისთვის, ვისაც დადასტურებული აქვთ კარდიომიოპათიის დიაგნოზი, მაგრამ ოჯახის წევრს ჯერ არ აქვს დაავადება გამოვლენილი და ადრეულ ეტაპზეა საჭირო მისი გამოვლენა, ვინაიდან ზოგს კარდიომიოპათია მემკვიდრეობით გადაეცემა.
ასევე გულის MRI კვლევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევაა თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში. და ბოლოს, სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ გულის MRI ძალიან კარგია რთული შემთხვევების დიაგნოსტიკისათვის და განსაკუთრებით იმ მდგომარეობების დროს როდესაც სხვა კვლევის შედეგები გაურკვეველი, საეჭვო ან ორაზროვანია.