ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისების დაწყების შესახებ. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის საჭირო საერთაშორისო საავიაციო კოდის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერია განცხადებაში.

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი ფრენა 1-ელ მაისს განხორციელდა. პირველი რეისი ავიაკომპანია UVT Aero-მ „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულა სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) და განმარტა, რომ ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სადაც, ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) დარღვევას

„იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, ადგილზე შეაფასოს აეროდრომის ტექნიკური მდგომარეობა და მისი ვარგისობა ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას.

როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველო ყოველთვის მოქმედებს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ასევე იცავს მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების პრინციპებს. საქართველო წლებია იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობა მუდმივად იდგეს დღის წესრიგში. აღნიშნულ საკითხში, საქართველოს აქვს მყარი და უპირობო მხარდაჭერა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), სადაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ. გრძელდება მუშაობა ქვეყნის ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რათა საქართველოს საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს რეაგირება ყველა საერთაშორისო ფორმატის გათვალისწინებით“ - ნათქვამია განცხადებაში.