ვმუშაობთ, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენები ჩინეთის დიდ ქალაქებთან გავხსნათ, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშესაწყობად 2 პირდაპირი რეისი უკვე დაინიშნა.
"საზღვრებს გარეთ 146-მა მილიონმა ჩინელმა იმოგზაურა. ჩვენ ამ კვირაში დღესასწაულები გვაქვს და ჩინეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვებგვერდზე, საქართველო ტურისტებისთვის პოპულარული ადგილმდებარეობა გახდა. პირდაპირი ფრენები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. იმისთვის, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდას ხელი შევუწყოთ 2 პირდაპირი რეისია, თუმცა არა პეკინიდან, არამედ ურუმჩიდან. იმედი მაქვს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ პირდაპირი ფრენები ჩინეთის სხვა დიდ ქალაქებთან გავხსნათ", - აცხადებს ჭოუ ციენი.
ცნობისთვის, 15 სექტემბრიდან, კვირაში 3 სიხშირით თბილისის საერთშორისო აეროპორტში ოპერირებას ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია AIR CHINA დაიწყებს. ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით BOEING 737-800 ხომალდით იფრენს. სამომავლოდ ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას პეკინიდან, შანხაიდან და გუანჯოუდან გეგმავს.