დადიანის ქუჩაზე მოსახლეობა სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, რამდენიმე საათის წინ  ჩამოიშალა და სამი ადამიანი მოიყოლა. დაშავებულები დაჟეჟილობებით კლინიკაში გადაიყვანეს, 40-მდე ოჯახი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

თვითევაკუაცია ადგილობრივებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორპუსის კედლებზე უზარმაზარი ბზარები შეამჩნიეს.  შენობა წლებია ამორტიზირებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია. ვითარება ერთ-ერთ აფთიაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გაართულა და სავარაუდოდ, რემონტის შედეგად გამოწვეულ ბიძგებს ისტორიულმა შენობამ ვერ გაუძლო.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში საეჭვო ბიძგები დაახლოებით სამი დღის წინ დააფიქსირეს, თუმცა სარემონტო სამუშაოები არ შეწყვეტილა, რასაც ჯერ ამორტიზირებული შეენობის მესამე სართულის იატაკი ჩამოშლა, შემდგ კი მთლიანად კორპუსის ნგრევა მოჰყვა.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ანდღულაძის თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახი გამგეობამ  ქირით გაიყვანა. მისივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსი რომ ავარიული იყო, ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ისინი არ იყვნენ თანახმა, რომ სახლები დაეტოვებინათ და გამაგრებითი სამუშაოები დაწყებულიყო.

წყარო: tvpirveli.ge