წლების წინ, გასტროსკოპია საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ მედიცინა სწრაფი ტემპით ვითარდება და კვლევის ეს მეთოდი დღეს ბევრად უფრო ნაკლები დისკომფორტის შემცველია, ვიდრე 5 და 10 წლის წინ იყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი-ენდოსკოპისტი ზანდა კუტივაძე ამბობს, 1 სანტიმეტრამდეა შემცირებული გასტროსკოპიის თანამედროვე აპარატის დიამეტრი და ის უფრო მოქნილი და დრეკადია. მისივე თქმით, გასტროსკოპიას დიაგნოსტიკის გარდა სამკურნალო ჩარევის ფართო სპექტრი აქვს და ნაადრევად ხდება ისეთი დიაგნოზების დასმა, რომელიც სამომავლოდ სავალალო შედეგებს აგვაცილებს თავიდან.

„კომერსანტი“ ზანდა კუტივაძეს გასტროსკოპიის უპირატესობებზე, კვლევის ჩატარების სპეციფიკაზე და იმ სიმპტომებზე ესაუბრა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია აღნიშნული კვლევის ჩატარება

რა არის გასტროსკოპია და რა უპირატესობა აქვს მას?

ზანდა კუტივაძე, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი ექიმი-ენდოსკოპისტი: გასტროსკოპია მცირე ინვაზიური ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია, რომლის დროსაც ვიკვლევთ საყლაპავს, კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს და ვაფასებთ ლორწოვანის რელიეფს, სისხლძარღვოვან სტრუტურას.

რაც შეეხება მის უპირატესობას, დიაგნოსტიკის გარდა შესაძლებლობა გვაქვს ავიღოთ მოკვნეტითი ბიოფსიის სახით ქსოვილი და გამოვიკვლიოთ ის ჰელიკობაქტერიაზე, რადგან წყლულოვანი პათოლოგიის ძირითადი გამომწვევი სწორედ ეს ბაქტერიაა. ის ძირითადად ჩვენი კუჭის ამომფენ ეპითელიუმში ბინადრობს და გამწვავების სეზონებზე - გაზაფხულსა და შემოდგომაზე ძალიან აქტიურდება და მრავლდება, რადგან ჩვენს ორგანიზმში მისთვის ხელსაყრელი პირობებია. გააქტიურება და გამრავლება წყლულოვან-ეროზიული პათოლოგიების ჩამოყალიბებას იწვევს. შესაბამისად, ამ 2 სეზონზე პაციენტების მომართვიანობა უფრო ხშირია და ამ დაავადებებს სეზონურობაც ამიტომ ახასიათებს. ასევე შესაძლებლობა გვაქვს ავიღოთ ქსოვილი დაზიანებული, პათოლოგიური უბნიდან.

გასტროსკოპიას სამკურნალო ჩარევის ფართო სპექტრი აქვს. მაგალითად, სისხლდენის შეჩერებას ვახდენთ, რომელიც შეიძლება წყლულოვანი პათოლოგიიდან იყოს გამოწვეული. ამის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ვინაიდან ანემია, რომელიც სისხლნაკლებობამ და წყლულიდან სისხლდენამ გამოიწვია, აღმოიფხვრება. ის ჩივილები, რაც ამ დროს პაციენტს აქვს - თავბრუსხვევა, სისუსტე, ტაქიკარდია, ყველაფერი მალევე კორეგირდება. თუ საჭიროა, შესაბამისი სისხლის პრეპარატებით მკურნალობას ვიწყებთ. ნაადრევ დიაგნოსტიკას ყოველთვის აქვს აზრი იმიტომ, რომ არ მივიდეთ, თუნდაც, სისხლდენამდე.

გარდა წყლულოვანი პათოლოგიის გართულებული სისხლდენისა, სამკურნალო ჩარევად ითვლება წანაზარდებიდან, როგორიცაა პოლიპები, ბიოფსიის აღება. და ჰისტომორფოლოგიური პასუხის შემდეგ ვიბარებთ პაციენტს უკვე ენდოსკოპიურ პოლიპექტომიაზე, რაც ვენური სედაციის პირობებში კეთდება. ნაადრევ ფაზაში ვკვეთთ ამ პოლიპს გარეგანი გაჭრის გარეშე და ეს არის სამომავლოდ სიმსივნური პათოლოგიის პრევენცია. დაგვიანებულ შემთხვევებში, როცა გვიანდება ვიზიტი, ვითარდება ავთვისებიანი პროცესი.

სამკურნალოდ ითვლება დაზიანებული უბნის გაკერვა ანუ კლიპირება; ასევე კარდიოსპაზმების დროს ბალონური დილატაცია; საყლაპავის, კუჭის თუ თორმეტგოჯა ნაწლავის ბუჟირება სტრიქტურების შემთხვევაში; ასევე საყლაპავის, კუჭის თუ თორმეტგოჯა ნაწლავის სტენტირება; ასევე - ეზოფაგუსის აბლაცია და საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ენდოსკოპიური ლიგირება, რაც ღვიძლის პათოლოგიის მქონე პაციენტებში გვხვდება ხოლმე. როდესაც ვენები ფართოვდება, ხშირია სისხლიანი მასებით პირღებინება. აქამდე რომ არ მივიდეს პაციენტი, ვენებს ვაფასებთ ჩვეულებრივ გეგმურად მოსულ გასტროსკოპიაზე და ვგეგმავთ ლიგირებას, რათა თავი ავარიდოთ სისხლიან ღებინებას, კოლაფსს და მწვავე მდგომარეობას. პაციენტს პარალელურად მართავს ჰეპატოლოგი.

ჩვენს აპარატს გააჩნია გადიდების რეჟიმი და მცირე დაზიანების დროსაც ნაადრევად ვსვამთ ისეთ დიაგნოზებს, რომელიც სამომავლოდ სავალალო შეიძლება გახდეს.

წლების წინ გასტროსკოპია საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესი იყო. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, პაციენტები დღემდე თავს არიდებენ ამ კვლევის ჩატარებას. რამდენად და როგორ განვითარდა საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება? „ნიუ ჰოსპიტალსის“ მაგალითზე, როგორ, რამდენად უმტკივნეულოდ კეთდება ეს კვლევა?

წლების წინ, აპარატურა ბევრად უფრო უხეში და განიერი იყო, ვიდრე დღესაა. ჩვენთან Olimpus მოდელის აპარატით გვიწევს მუშაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ აპარატის დიამეტრი დაახლოებით 1 სანტიმეტრამდეა და არის აბსოლუტურად დრეკადი. გარდა აპარატურისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს. აუცილებელია, რომ ყლაპვის დროს სწორად მოხდეს აპარატის გადატარება საყლაპავ მილში, რომ პაციენტს არ დაეწყოს სპაზმური ხველა.

როგორ ტარდება გასტროსკოპია, როგორ ამზადებენ პაციენტს კვლევისთვის, რამდენ ხანს გრძელდება კვლევა და რამდენ ხანში უშვებენ პაციენტს შინ?

პროცედურა ტარდება როგორც ადგილობრივი ანესთეზიით, ისე ვენური სედაციის გზით მსუბუქი ზედაპირული ძილის ფაზით. ადგილობრივი ანესთეზია გულისხმობს ყელისა და პირ-ხახის დაბუჟებას, რათა დაითრგუნოს ისეთი უსიამოვნო შეგრძნება, როგორიცაა გულისრევა. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვის აქტს რაც, ექიმის რეკომენდაციით, თანხვედრაში უნდა იყოს ყლაპვასთან.

რაც შეეხება სამზადისს, პროცედურამდე ბოლო კვება დასაშვებია 14-16 საათით ადრე და სითხის მიღება - 5-6 საათით ადრე. პროცედურის ხანგრძლივობა, დიაგნოსტიკა მოიცავს 3-დან 5 წუთს. თუ გვჭირდება ბიოფსიური მასალის აღება, პროცედურა შეიძლება 5-7 წუთი გაგრძელდეს.

გეგმური გასტროსკოპიის შემდეგ, პაციენტი მალევე მიდის სახლში. ვაცნობებთ დიაგნოზს, გავესაუბრებით, რეკომენდაციებს ვაძლევთ და თავისუფლდება 15-20 წუთში. ვენური სედაციის დროს, ნახევარ საათს ყოვნდება კლინიკაში პაციენტი და შემდეგ შეუძლია გადაადგილება, მაგრამ არ არის რეკომენდებული საჭის მართვა.

რა სიმპტომების შემთხვევაში ტარდება გასტროსკოპია?

გასტროსკოპია კეთდება გულძმარვის, ბოყინის, ეპიგასტრიუმში ტკივილის დროს, განსაკუთრებით ღამის ტკივილები როცა აქვს პაციენტს, რაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან პათოლოგიებზე მიუთითებს. ამას გარდა, როცა პაციენტს აქვს დისფაგია, იგივე ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება, მელენა, ანუ შავი ფერის განავლოვანი მასები, წონაში კლება, ყაზბობა, იგივე შეკრულობა ფაღარათის მონაცვლეობით, საერთო სისუსტე და ტაქიკარდია, რაც ანემიაზე მეტყველებს.

რა დაავადებების გამოვლენა ხდება გასტროსკოპიის საშუალებით?

გასტროსკოპიით ბევრი დაავადების გამოვლენა ხდება, რადგან 3 ორგანოსთან გვაქვს საქმე. საყლაპავის პათოლოგიებიდან საყლაპავის პოლიპოზის, საყლაპავის წყლულოვანი და ეროზიული დაავადებების, ბარეტის ეზოფაგუსის, საყლაპავის სტრიქტურის, ანუ შევიწროების, კარდიოსპაზმის, საყლაპავის სიმსივნის (როგორც კეთილთვისებიანის, ისე ავთვისებიანის). ასევე ხდება საყლაპავში ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების გამოვლენა.

კუჭის შემთხვევაშიც ხდება წყლულოვანი პათოლოგიების, პოლიპოზის, დაწეული კუჭის, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების გამოვლენა.

რაც შეეხება თორმეტგოჯა ნაწლავს, ამ კვლევის შედეგად ვლინდება: წყლულოვანი, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიები, ასევე - დივერტიკულები, რაც შეიძლება საყლაპავშიც და კუჭშიც იყოს.

გეგმური გასტროსკოპიის ჩატარება რა ასაკის პაციენტებისთვის არის რეკომენდებული?

გეგმიურ გასტროსკოპიას არ აქვს ასაკობრივი ზღვარი. როცა ჩვენება და ჩივილები ჩნდება, ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია კვლევის ჩატარება.

შესაძლებელია თუ არა გასტროსკოპიას რაიმე ტიპის გართულება ახლდეს ან გამოიწვიოს?

ძალიან იშვიათად. ამის შანსი მინიმალურია. უფრო შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება სპაზმის სახით, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. საკვებ მიღებულ კუჭის გამოკვლევისას დიდია რისკი, რომ საკვები მასების გადაცდენა მოხდეს სასუნთქ სისტემაში. ამიტომ ტარდება ეს კვლევა უზმოდ. გვერდით ეფექტად შეიძლება მივიჩნიოთ უფრო დისფაგია - ყლაპვის გაძნელება, მაგრამ ანესთეზიის გასვლის შემდეგ, ყლაპვაც აღდგება. ამიტომ, გართულებად არც ეს უნდა მივიჩნიოთ.