„ბავშვებში სპორტული ტრავმების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს სპორტულ აღჭურვილობას, მოედნებს, დატვირთვების ხანგრძლივობას და ინტენსივობას“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ამირან შარაბიძემ განაცხადა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის სწორად შეირჩეს ფიზიკური აქტივობის ტიპი და ინტენსივობა რათა, ერთის მხრივ, მივაღწიოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ოპტიმალურ განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ - თავიდან ავირიდოთ ტრავმები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გართულებები.
„კომერსანტი“ ამირან შარაბიძეს ბავშვთა განვითარების პროცესში ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე, სპორტული აქტივობისას მიღებულ ტრავმებზე და იმ რეკომენდაციებზე ესაუბრა, რაც სპორტით დაკავებულმა მოზარდებმა და მათმა მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ ტრავმები და შემდგომი გართულებები.
რას გულისხმობს ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა და რა მნიშვნელობა აქვს მას ბავშვთა განვითარების პროცესში?
ამირან შარაბიძე, ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი: როგორც ცნობილია, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მას განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ბავშვთა ასაკში, რადგან ამ დროს ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, მეორე მხრივ, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა იწვევს ტრავმებს, ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს ფიზიკური აქტივობის ტიპი და ინტენსივობა, რათა ერთის მხრივ მივაღწიოთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ოპტიმალურ განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ თავიდან ავირიდოთ ტრავმები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი გართულებები.
რა ასაკიდან და რა ტიპის ვარჯიშებია უსაფრთხო და რეკომენდებული ბავშვებისთვის?
ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ რომ, სხეულის განვითარების თვალსაზრისით, ოპტიმალური აქტივობა ცურვაა და აქ ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რეკომენდებული არაა ვერტიკალური დატვირთვები დიდი წონით და სიმძიმეების აწევა, რაც ხერხემლის მიკრო ტრავმებს იწვევს, რაც სამომავლოდ სხვა გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს.
რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს არასწორ სპორტულ დატვირთვას ბავშვთა ასაკში?
არასწორი და ზედმეტი სპორტული დატვირთვა ზრდის ტრავმატიზმს. ზოგჯერ ესაა მწვავე ტრავმები, რომლებიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს, ზოგჯერ - მიკროტრავმები, რომლებიც საწყის ეტაპზე შეიძლება კომპენსირებულია და ბავშვი ტკივილს ვერ გრძნობს, მაგრამ ადრე თუ გვიან, საკომპენსაციო რესურსის ამოწურვის შემდეგ, პრობლემა თავს იჩენს.
არასწორი სპორტული დატვირთვის დროს მიღებული რა სახის დეფორმაციები და ტრავმებია გავრცელებული ბავშვებში?
მიღებული ტრავმის ხასიათი პირდაპირ კავშირშია სპორტის სახეობასთან. მაგალითად, თუ ფეხბურთელების და კალათბურთელების შემთხვევაში ხშირია ქვედა კიდურების, განსაკუთრებით - მუხლის ტრავმები, ჩოგბურთელებში უფრო მეტად გვხვდება ზედა კიდურის ტრავმები და ა.შ.
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგს?
რომელიმე კიდურის ან სახსრის ტკივილი, ადვილად დაღლა, დეფორმაცია - ის ნიშნებია, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს და სასურველია სპეციალისტის მიერ შეფასდეს.
როგორია მომართვიანობა და ძირითადად რა ასაკის ბავშვები მოგვმართავენ სპორტული ტრავმებით?
მომართვიანობის ზრდის მიზეზი ალბათ დაკავშირებულია იმასთან, რომ იზრდება სპორტით დაინტერესებული ბავშვების რაოდენობაც. უფრო ხშირად მოგვმართავენ უფროსი ასაკის ბავშვები, რადგან ამ დროს მეტია დატვირთვის ინტენსივობაც, იზრდება ტრავმის მიღების რისკიც და მიკროტრავმების შემთხვევაში - მცირდება საკომპენსაციო რესურსიც.
როგორია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები და რა შესაძლებლობები გაქვთ ამ მხრივ ნიუ ჰოსპიტალში?
ნიუ ჰოსპიტალში შესაძლებელია ხარისხიანი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, შესაბამისად - სწორი დიაგნოსტირება, რაც შემდგომში მკურნალობის ეფექტური მეთოდის შერჩევის საშუალებას გვაძლევს.
რა რჩევები და რეკომენდაციები გაქვთ, რომ ბავშვებმა თავიდან აიცილონ სპორტული დატვირთვის შედეგად მიღებული ტრავმები ან ტრავმის შემთხვევაში, რა რჩევები გაქვთ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის?
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს სპორტულ აღჭურვილობას, მოედნებს, დატვირთვების ხანგრძლივობას და ინტენსივობას. სპორტის არჩევისას გასათვალისწინებელია ბავშვის კონსტიტუციური აგებულებაც, მნიშვნელოვანია კვების და ძილის რეჟიმის მოწესრიგებაც. ტრავმის შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა იმობილიზაცია, ანუ დაზიანებული კიდურის დაფიქსირება და ჰიპოთერმია ანუ „ცივების“ დადება დაზიანებულ ადგილზე. ამის შემდეგ, თუ ტკივილი ან გამოხატულია შეშუპება არ გაივლის, საჭიროა, მიმართოთ ექიმს.