ჟინვალი-ფასანაურის საავტომობილო გზის 20-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 66.8 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროექტი არსებული გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი.
პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანანურიდან იწყება, გაივლის ციხისძირსა და მენესოს და სოფელ ჭართალის ჩრდილო-დასავლეთით, ხანდოს ხევის ხიდთან დასრულდება.
სამუშაოების ფარგლებში დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 ხიდს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, საყრდენი და ნაპირდამცავი კედლები, დამცავი ზღუდარები და ავტობუსის გაჩერებები. ასევე, მოწესრიგდება გზასთან მიერთებები და განთავსდება საგზაო ნიშნები.
უწყების განცხადებით, პროექტი გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მიმოსვლისთვის.
პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დაახლოებით 66.8 მილიონი ლარია.