ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოში 36 748 საწარმომ საქმიანობა შეწყვიტა, რაც 2014 წლის შემდეგ, ბიზნესდემოგრაფიის სტატისტიკის წარმოების დაწყებიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ყოველდღიურად საშუალოდ 100-ზე მეტი საწარმო წყვეტდა საქმიანობას.

წინა წელთან შედარებით, „გარდაცვლილ“ საწარმოთა რაოდენობა 7 255-ით გაიზარდა. ამასთან, 2025 წელს ქვეყანაში 51 276 ახალი საწარმო დაფუძნდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 5 058-ით ნაკლებია.

საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევების ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სექტორზე მოდის - 13 036 საწარმო, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 36%-ია. შემდეგ მოდის მშენებლობა (4 082), ტრანსპორტირება და დასაწყობება (3 155) და დამამუშავებელი მრეწველობა (2 885).