ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი რუსეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. მისი მნიშვნელობა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობით არ განისაზღვრება - ლარსი ჩრდილოეთ კავკასიის გავლით რუსეთს ბელარუსისა და ცენტრალური აზიის მიმართულებებთან აკავშირებს და საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის ტვირთების გატარების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებებზე 314 მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტია, მათგან 107 კი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი.
გატარებული ტვირთების მოცულობით, ამ 107 პუნქტს შორის ზემო ლარსი რუსეთის ყველაზე დატვირთული საავტომობილო სასაზღვრო გასასვლელია. 2025 წელს ლარსის გავლით 4.8 მილიონი ტონა ტვირთი გაიარა. მეორე ადგილზე რუსეთ-აზერბაიჯანის იარაგ-ყაზმალიარის გამშვები პუნქტი იყო 3.7 მილიონი ტონით, ხოლო მესამე ადგილზე — რუსეთ-ჩინეთის ზაბაიკალსკის საბაჟო, 2.5 მილიონი ტონით.
ლარსი ლიდერობს სატვირთო ავტომობილების რაოდენობითაც. 2025 წელს მისი საშუალო ფაქტობრივი გამტარუნარიანობა დღეში დაახლოებით 1 040 სატვირთო ავტომობილს შეადგენდა. ცალკეულ დღეებში საქართველოდან რუსეთში 755-მდე, ხოლო რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით 875-მდე სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა. ორივე მიმართულებით პიკური მაჩვენებელი დღეში 1 476 სატვირთო ავტომობილს აღწევდა.
ლარსზე სატვირთო ავტომობილების რეკორდული რიგიც დაფიქსირებულა. 2025 წლის 17 აპრილს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით შემოსვლას 5 010 სატვირთო ავტომობილი ელოდებოდა.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი სატვირთო ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის დაახლოებით 80%-ითაა დატვირთული, რაც მას რუსეთის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვანძად აქცევს.
რუსეთი ტვირთნაკადების ნაწილის რკინიგზაზე გადატანას ცდილობს
ლარსზე დატვირთვის შემცირების მიზნით, რუსეთის სტრატეგია ტვირთნაკადების ნაწილის ეტაპობრივად სარკინიგზო მიმართულებაზე გადამისამართებასაც ითვალისწინებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის ექსპორტის გადატანაა დასახელებული, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდება.
მას შემდეგ, რაც სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის სარკინიგზო გადაზიდვამ სისტემური ხასიათი მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი კრასნოდარის მხარიდან ზემო ლარსის გავლით კვლავ საავტომობილო გზით გადაიზიდოს.
ამ მიმართულებაზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებებიც მიუთითებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთის რკინიგზასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ლოგისტიკური მარშრუტის შემუშავება დაევალათ.
მისივე განმარტებით, რუსეთსა და სომხეთს შორის მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი ბოლო დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა და ტვირთების მიწოდება საავტომობილო ტრანსპორტით ხდებოდა, თუმცა ზემო ლარსზე არსებული სირთულეები სომხეთისთვის ტვირთების მიწოდებას ზღუდავდა.
შესაბამისად, მოსკოვისთვის ეკონომიკურად და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ლარსზე არსებული დატვირთვის შემცირება, მათ შორის სომხეთისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ნაკადის სხვა მარშრუტებზე გადამისამართებით.
ლარსის მნიშვნელობა მხოლოდ საქართველოსთან ვაჭრობით არ შემოიფარგლება
პრაქტიკული შეფასებით, ზემო ლარსი რუსეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ნაკადის დაახლოებით 14-15%-ის მასშტაბის კვანძია.
ლარსის გავლით გადაადგილებული საქონლის საშუალო ღირებულების გათვალისწინებით, ამ მარშრუტზე მოძრავი ტვირთების საერთო ეკონომიკური ღირებულება წლიურად დაახლოებით 5-8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საქართველოს გავლით რუსული ტვირთები თურქეთის ბაზარზე ხვდება და, პირიქით, თურქეთიდან რუსეთის მიმართულებითაც გადაადგილდება. შესაბამისად, ლარსი რუსული კომპანიებისთვის თურქეთთან ვაჭრობისა და საქონელბრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია.
ამასთან, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო ფართოა — ლარსის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანს ირანისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სატვირთო კავშირების განვითარების პოტენციალიც აქვს.
სწორედ ამიტომ, ზემო ლარსის ფუნქცია მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობით არ შემოიფარგლება და რეგიონულ სატრანსპორტო მნიშვნელობასაც იძენს.
ლარსის მთავარი სისუსტე ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტის არარსებობაა
რუსეთისთვის ზემო ლარსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტის არარსებობაა. გამშვები პუნქტის გადატვირთულობას კლიმატური პირობებიც ემატება, რის გამოც გზის ხანგრძლივი ჩაკეტვა სატვირთო ავტომობილების რიგებს, მიწოდების ვადების ზრდას, ტრანსპორტირების გაძვირებასა და საბოლოოდ საქონლის ფასის ზრდას იწვევს.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიან ახალ საგზაო მონაკვეთს, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია. პროექტი მოიცავს 9-კილომეტრიან გვირაბსაც და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სატვირთო გადაადგილების გაუმჯობესებაა.
პროექტთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება მსგავსი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის პრიორიტეტულობა საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ინტერესებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხები კვლავ აქტუალურია.
საბოლოოდ, ზემო ლარსის მნიშვნელობის შეფასებისას მხოლოდ რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მოცულობაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ვაჭრობა მასშტაბით ჩამორჩება რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი ან ყაზახეთი, ლარსის გავლით გატარებული ტვირთების მოცულობა აჩვენებს, რომ მისი მთავარი ღირებულება რეგიონული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციაშია.
შესაბამისად, ზემო ლარსი რუსეთისთვის არა მხოლოდ საქართველოსთან დამაკავშირებელი სასაზღვრო პუნქტი, არამედ საერთაშორისო სატვირთო მიმოსვლის მნიშვნელოვანი კვანძია, რომლის მეშვეობითაც რუსეთი რეგიონულ ტვირთნაკადებზე წვდომას და ეკონომიკური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს.
სრული კვლევა იხილეთ Transcor-ის ვებგვერდზე.