2024 წელს ყულევის ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.35 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია – ამის შესახებ ანალიტიკას, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ (TCRC) აქვეყნებს.
„ტვირთბრუნვის საერთო მოცულობაში 0,95 მლნ ტონა აზერბაიჯანული წარმოშობის, ხოლო დარჩენილი 1,55 მლნ ტონის, მნიშვნელობანი ნაწილი ცენტრალური აზიის ქვეყნების ყაზახეთის და თურქმენეთის ტრანზიტული ტვირთია.
რამ განაპირობა აზერბაიჯანის საკუთრებაში მყოფი ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვაში „ახალი“ მოთამაშეების გამოჩენა, გთავაზობთ ჩვენი გვერდის დღევანდელ ანალიტიკას.
წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანული მხარე მონოპოლიურად მართავდა ყულევის ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურას, ბოლო ორ წელიწადში მიდგომა რადიკალურად შეცვლილია, კერძოდ აზერბაიჯანული მხარის მიერ არჩეულია „ღია კარის“ პოლიტიკა, რაც ნავთობპროდუქტების დამამზადებელი ქვეყნის წარმოშობის მიუხედავად ნებისმიერ ტვირთმფლობელთან კონტრაქტის მარტივად გაფორმებას ითვალისწინებს.
ტერმინალის მენეჯმენტის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის გატარებამ, რაც ყაზახეთის და თურქმენეთის ტვითმფლობელები ტერმინალის ინფრასტრუქტურაზე თავისუფალ დაშვებაში აისახა, 2024 წელს დადებითი შედეგი გამოიღო.
ახალი პოლიტიკის კვალდაკვალ, მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე, 2024 წლიდან ტერმინალში დაემატა, თვეში 40 – 50 ათასი ტონა სატრანზიტო თურქმენული და 20 – 30 ათასი ტონა ყაზახური ნავთობპროდუქტები, ძირითადად – გაზოილი, პარაქსილოლი, ბენზოლი და მაზუთი.
რეალურად 2024 წელს ყულევის ტერმინალზე აზერბაიჯანის ნავთობის ტვირთბრუნვა შემცირდა, ცენტრალური აზიიდან ტრანზიტი კი ორჯერ გაიზარდა.
აზერბაიჯანის ნავთობნაკადის შემცირებას თავისი ახსნა გააჩნია. რაც პირველ რიგში, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ევრო – 5 სტანდარტზე გადასვლით გამოწვეული მოდერნიზაციით იყო განპირობებული.
ნავთოპროდუქტების ნაწილი, თუ ადრე დაუბრკოლებლივ გადიოდა ექსპორზე, მაგალითისათვის დაბალი ხარისხის დიზელის საწვავი, სადღეისოდ ევრო – 5 სტანდარტის შესაბამისად ექვემდებარება ღრმა დამუშავებას.
ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ევრო – 5 სტანდარტის ბენზინს და დიზელის საწვავს ქართული ბაზრისთვის აწარმოებს. ამ პროდუქციის დამატებითი მოცულობების საქართველოს შიდა მოხმარებისთვის გადმორთვამ ყულევის ნავსადგურში აზერბაიჯანული ნავთობნაკადის კლება განაპირობა.
ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ დატვირთულობის მიუხედავად, ტერმინალს ნავთოპროდუქტების წელიწადში 10 მლნ ტონის გატარების შესაძლებლობა გააჩნია, სატრანსპორტო ბაზარზე ტვირთების ახალი ნომენკლატურის გამოჩენამ, მენეჯმენტი აუცილებლობის წინაშე დააყენა, შეექმნა ახალი ტვირთების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები.
უახლოესი პერიოდისთვის, ყულევის ტერმინალს გააჩნია ამბიციური გეგმა, შეკუმშული გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების გადამუშავებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობით, გაზარდოს ტერმინალის ტვირთბრუნვა წელიწადში 4 მლნ ტონამდე.
ყულევის საზღვაო ნავსადგურს სამი ნავმისადგომი გააჩნია, რომელთაგან ორი გამოიყენება საზღვაო ტანკერების ჩასატვირთად, ხოლო მესამე დამხმარე ფლოტის დასამაგრებლად.
უახლოეს პერიოდში გათვალიწინებულია ყულევის ტერმინალის ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელება.
პერსპექტივაში არსებული 12 – 14 მ დაღრმავება 15 მეტრამდე გაირდება.
ფსკერდაღრმავების პროექტის განხორციელების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ტერმინალმა განაახლოს Aframax ის ტიპის 80 – 119 ათასი ტონა დედვეიტის გემების მიღება და გაზარდოს ნავთობის გადაზიდვის პარტიები. სადღეისოდ ტერმინალს მხოლოდ 45 ათასი ტონა ტვირთამწეობის გემების მიღება შეუძლია.
დასკვნის სახით – ტერმინალის მენეჯმენტის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის გატარებამ დადებითად იმოქმედა, როგორც საქართველოს რკინიგზის დატვირთულობის გაზრდაზე, ასევე შუა დერეფნით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან დამატებითი ნავთობნაკადის მოზიდვაზე“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.