ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 5 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით შეჩერებული იქნება სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი, მოქმედი გასასვლელების მუშაობა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახალი გასასვლელების მოწყობის მიზნით ჩატარდება.
ამასთან, გაცნობებთ, რომ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გარკვეული შეფერხებით გადაადგილება, დროებით განხორციელდება სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილი სათადარიგო გასასვლელებით.
ამასთან, მგზავრთა მიმართ საზღვრის კვეთის პროცედურები 24 საათიან რეჟიმში, უცვლელად და შეუფერხებლად განხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება.