„მიმაჩნია, რომ იმ სახელმწიფო პირებს, რომლებიც მსხვილ პროექტებს ახორციელებენ, ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება არ აქვთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა და გაჭიანურებულ საგზაო პროექტებზე ისაუბრა.
„ბიზნესპრესნიუსი“ არაერთხელ წერდა გაჭიანურებულ საგზაო პროექტებზე. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, E-60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება.
ამის გარდა, „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის ივნისში წერდა, რომ კიდევ ერთხელ გადაიდო ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია. ესაა მონაკვეთი, რომელმაც ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობა 1.5 სთ-ით უნდა შეამციროს. ამ გზის მშენებლობა 9 წელზე მეტია გრძელდება, ბოლო მონაცემებით, სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ძირითადი მიზეზებით, რაც ქვეყანაში მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების თავდაპირველად დაგეგმილ ვადებში განხორციელებას აფერხებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს პაატა ცაგარეიშვილს ვესაუბრეთ:
„არ გვაქვს ისეთი ორგანიზაცია ან ორგანიზაციათა ერთობლიობა, რომელსაც ფინანსურად ტევადი პროექტების მართვა შეუძლია. ვერ დამისახელებთ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში განხორციელებულ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც სასწაული ვადაგადაცილება არ აქვს. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დღემდე დაუსრულებელია, 2007 წელს დაიწყო პროექტი და 2016 წლიდან ყოველ წელს უნდა დასრულებულიყო. ანდაც ავიღო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ეს პროექტი 2010 წელს დაიწყო. საუბარი აღარ არის ანაკლიის პროექტზე, რომელიც უფრო პოლიტიკური ინსინუაციების გამოა, ჩემი აზრით, შეჩერებული. მიმაჩნია, რომ იმ პროექტების მართვის გამოცდილება, რომელთა ღირებულება ნახევარ მილიარდს სცილდება, სახელმწიფოს არ გააჩნია.
გამოცდილების ნაკლებობას ემატება ისიც, რომ შემოდის კორუფციული მომენტებიც. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში არაგამჭვირვალედ ჩატარებულ ტენდერებში ასპარეზზე შემოდიან ის ქვეკონტრაქტორები და შემსრულებლები, რომლებიც აქცენტირებული არიან არა პროექტის დროზე დასრულებაზე, არამედ პრივატული მოგების მაქსიმალიზაციაზე. საგზაო პროექტების დასრულების გაჭიანურებაში მე ვხედავ ორ პრობლემას: მართვის პრობლემას და გაუმჭვირვალე ტენდერებს.
გამოწვევების გადაჭრას სჭირდება გამოცდილება, გამჭვირვალობა და სახელმწიფო მხრიდან კონტროლი, რომ პროექტები დროულად განხორციელდეს,“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ცაგარეიშვილმა.