„ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე ამხელა თანხების დახარჯვისგან თავს შევიკავებდი“, - ამის შესახებ ავიაციის სფეროს ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. როგორც ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, ახალი აეროპორტის მეშვეობით მგზავრთნაკადი 19 მილიონამდე გაიზრდება. აეროპორტის გახსნა 2031 წელს არის დაგეგმილი, იქამდე კი ოფიციალური პირები საუბრობდნენ, რომ ვაზიანთან ახალი აეროპორტი 2028 წლისთვის აშენდებოდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იასე ზაუტაშვილი აღნიშნავს, თუ ვაზიანის აეროპორტი წლიურად 19 მილიონ მგზავრს მიიღებს, საჭირო იქნება ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ამჟამად არ არის.
მისი თქმით, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას სჯობს, რომ თანხის ნაწილი თბილისის არსებული აეროპორტის მშენებლობას მოხმარდეს, ხოლო დარჩენილი თანხით ინფრასტრუქტურა განვითარდეს.
„ვაზიანის აეროპორტის მშენებლობას მივესალმებოდი, მაგრამ ამხელა თანხების (10 მილიარდ დოლარზეა საუბარი) დახარჯვისგან პირობითად მე თავს შევიკავებდი. როდესაც აპირებ, რომ ქვეყანაში ააშენო ისეთი აეროპორტი, რომელიც არის 19 მილიონ მგზავრზე გათვლილი, უზრუნველყოფილი უნდა გქონდეს ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, კვების ობიექტები, გასართობი აქტივობები, შესაბამისი საკადრო რესურსი, პერსონალი და ა.შ.
ბათუმში სეზონზე კონცერტი რომ ტარდება ხოლმე და თბილისიდან 40 ათასი მგზავრი ჩადის, კოლაფსი ხდება მთელ ბათუმში. როდესაც 19 მილიონ მგზავრზე გაქვს გათვლილი აეროპორტის აშენება, სულ რომ არ იყოს 19 მილიონი და იყოს მაგალითად, 10 მილიონი, წლიურად ამ რაოდენობის ტურისტების მიღების შესაძლებლობა უნდა გქონდეს.
„ტავ ურბანის“ დღევანდელი აეროპორტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ეს არის დაბალი დონის სოფლის აეროპორტი.
ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენების ნაცვლად, მე განვავითარებდი თბილისის არსებულ აეროპორტს, გავაკეთებდი მოფრენის და გაფრენის დახვეწილ დარბაზებს, რასაც გაცილებით ნაკლები თანხა დასჭირდება, ვიდრე 10 მილიარდია, დავამატებდი დასაფრენ ზოლს, დავხვეწავდი შიდა ინფრასტრუქტურას და გავზრდიდი მგზავრთგამტარიანობას თუნდაც 5 მილიონიდან 8 მილიონამდე, რაც საკმარისია უახლოესი 5-7 წლისთვის.
დანარჩენ თანხას მოვახმარდი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას პირობითად ბათუმში, თელავში, ქუთაისში, მესტიასა და სხვაგან, რადგან ტურისტი აქ რომ ჩამოდის, მარტო ფრენა ხომ არ უნდა, სჭირდება კარგი კვება, სასტუმროში განთავსება და სანახაობის შექმნა.
ამას სჭირდება ფულის დახარჯვა, ახლა რომ 10 მილიარდი დაიხარჯოს და მხოლოდ აეროპორტი გაკეთდეს ცუდი არ არის, ქვეყნის სავიზიტო ბარათია, მაგრამ თუ შეცვლიან ამ გადაწყვეტილებას და დაუბრუნდებიან თბილისის არსებული აეროპორტის განვითარების გეგმას, ამ საკითხს მივესალმებოდი“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იასე ზაუტაშვილმა.