საქართველოს პარლამენტმა „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი 84 ხმით, მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„კანონპროექტში ცვლილების შეტანის საფუძველზე თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაფართოვდა და დღეისათვის, 34 280 ჰექტარს შეადგენს.
კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცა სოფელი ტბათანა მიმდებარე ტერიტორიით და ჩამოყალიბდა ტბათანას დაცული ლანდშაფტის უბანი. აღნიშნული წაახალისებს ტბათანას მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, უნიკალური კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია; მათი საერთო ფართობი 927 751 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.3%-ია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.