კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა გაკეთდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კურორტ „ნუნისის" თანადამფუძნებელმა, ირმა დაუშვილმა განუცხადა, ამჟამად, უკვე 2 საათშია შესაძლებელი თბილისიდან აღნიშნულ ადგილზე ჩასვლა.

„ნუნისამდე ამოსასვლელი ის 28 კილომეტრიანი გზა ნამდვილად იყო სერიოზული გამოწვევა. 24 წელი ვსაუბრობდი ამ პრობლემაზე და წელს, უკვე მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს - თითქმის სრულად კეთილმოეწყო ნუნისამდე მოსასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა. რამდენიმე კილომეტრი არის დარჩენილი, სადაც ამჟამად მიდის გზის დაგება და უკვე გავდივართ ფინალში“, - აღნიშნა ირმა დაუშვილმა.

მისივე თქმით, ახალმა გზამ ნუნისში ჩასასვლელი დროც მნიშვნელოვნად შეამცირა. „ახლა, უკვე შეიძლება, რომ თბილისიდან ზუსტად 2 საათში ჩამოხვიდეთ ამ ულამაზეს ადგილზე და დაისვენოთ“, - განმარტა კურორტ „ნუნისის" თანადამფუძნებელმა.

როგორც ირმა დაუშვილი განმარტავს, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კურორტს შესაძლებლობას მისცემს, რომ მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო დამსვენებელი მოიზიდოს.

„წელს, სხვათა შორის, გაზრდილი იყო მომართვიანობა უცხოეთიდან. მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან“, - განაცხადა კურორტ „ნუნისის" თანადამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ნუნისი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია, რომელიც იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვართან მდებარეობს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი