2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში თელავის აეროპორტის მშენებლობისთვის ფინანსები გათვალისწინებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბიუჯეტით თელავის აეროპორტისთვის გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი. ამავე წლის ბიუჯეტით თელავის აეროპორტის პროექტი მოიცავდა ახალი ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის თებერვალში თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ ტერმინალის არქიტექტურული პროექტის მომზადება 296 000 ლარი დაჯდებოდა.
იმავე წლის მაისში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ თელავის აეროპორტი 2025 წლის მაისისთვის პირველ ფრენებს მიიღებდა, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა.
2025 წლის ივნისში „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, რომ ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტის გათვალისწინებით, თელავის შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია გახდა საჭირო. მაშინვე, უწყებაში გვითხრეს, რომ ახალი ტერმინალის მშენებლობა თელავში 2025 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა ადგილზე სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
ამჯერად „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ თელავის აეროპორტის პროექტირების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თელავის აეროპორტის პროექტირების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ აეროპორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში.