„თელავის აეროპორტი აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია შიდა ფრენებში - თანხებს თუ დაზოგავენ, წინააღმდეგი არ ვიქნები...“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავიაციის სფეროს ექსპერტმა, იასე ზაუტაშვილმა განაცხადა.

როგორც იასე ზაუტაშვილი აღნიშნავს, თელავში შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის მშენებლობის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, რომ თანხები თუნდაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას მოხმარდეს. მისივე თქმით, თელავის აეროპორტი რენტაბელური ვერ გახდება.

„თელავის აეროპორტთან დაკავშირებით, თუკი თანხებს დაზოგავენ, წინააღმდეგი არ ვიქნები. თელავის აეროპორტი აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია შიდა ფრენებში. მაგისტრალი კეთდება თბილისიდან თელავამდე, ეს საშუალებას მისცემს მგზავრს, რომ საათ-ნახევარში ჩავიდეს ადგილზე. თუ საერთაშორისო სტატუსი არ ექნება თელავის აეროპორტს, მაშინ შიდა ფრენების კუთხით აბსოლუტურად ზედმეტი ხარჯია. სჯობს, რომ ეს თანხა მოხმარდეს თუნდაც ქუთაისის აეროპორტის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის დახვეწას. მაგალითად, თუ გავიხსენებთ ამბროლაურის აეროპორტს, რომლის მშენებლობაზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა, ჯერჯერობით აბსოლუტურად არარენტაბელურია.

შიდა ავიაცია ტურისტებს აძლევს საშუალებას, რომ დაზოგოს დრო და თუ საქართველოში ჩამოსულია 3-5 დღით, ამ პერიოდში გადაფრინდეს ბათუმში, შემდეგ პირობითად მესტიაში, ამით დაზოგოს მგზავრობის დრო და მოინახულოს საქართველოს დიდი ნაწილი. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ მესტიის აეროპორტმა გაამართლა. მესტიაში მანქანით გჭირდება დაახლოებით 6-7 საათი და გამორიცხული არაა, რომ ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო ვერც ახვიდე. ამ აეროპორტში ყოველდღიური ფრენები გამართლებულია, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ წლებია ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები წარმატებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამან განავითარა მესტიის ადგილობრივი სასტუმროები და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ბიზნესები. ვეთანხმები, რომ შიდა ფრენების ჯაჭვში მესტია უნდა დარჩეს.

თბილისი-ბათუმში ჩასვლას სჭირდება 4-5 საათი, ამ დროს ფრენას სჭირდება 35 წუთი და ცხადია, დროის დაზოგვა სჯობს. ეს მოსახერხებელი იქნება ტურისტისა და ნებისმიერი მგზავრისთვის. პირადად მე, თბილისი-ბათუმის მარშრუტი გამართლებული მიმაჩნია. რაც შეეხება თბილისი-ამბროლაურს, სეზონური მიმართულებაა - სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომ არც თუ ისე მოთხოვნადია და მგზავრები ძირითადად მაინც სამანქანო გზით მიდიან. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით თბილისი-ამბროლაურის შიდა ფრენა იქნება კვირაში 2-ჯერ მაინც, მაგრამ გრძელ ვადაში ეს მიმართულება რენტაბელური არ გახდება. უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მთელი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაძლევს სუბსიდიას და შეღავათს იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეძლო ტურისტების მოზიდვა და რეისებიდან იმ ფასის ამოღება, რომ ხარჯები გასწორდეს.

რომ შევაჯამოთ, მიმაჩნია, რომ მესტია-ბათუმი არის გამართლებული რეისი, მაგრამ თელავისა და ამბროლაურის შიდა ფრენებს ნაკლები პერსპექტივა აქვს, 3-5 წლიან პერიოდში ვერ გახდება რენტაბელური“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იასე ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში თელავის აეროპორტის მშენებლობისთვის ფინანსები გათვალისწინებული არ არის. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბიუჯეტით თელავის აეროპორტისთვის გამოყოფილი იყო 5 მილიონი ლარი. ამავე წლის ბიუჯეტით თელავის აეროპორტის პროექტი მოიცავდა ახალი ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

2024 წლის თებერვალში თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ ტერმინალის არქიტექტურული პროექტის მომზადება 296 000 ლარი დაჯდებოდა.

იმავე წლის მაისში, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ თელავის აეროპორტი 2025 წლის მაისისთვის პირველ ფრენებს მიიღებდა, თუმცა მშენებლობა არც კი დაწყებულა.

2025 წლის ივნისში „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, რომ ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტის გათვალისწინებით, თელავის შიდა ფრენებისთვის განკუთვნილი აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია გახდა საჭირო.

მაშინვე, უწყებაში გვითხრეს, რომ ახალი ტერმინალის მშენებლობა თელავში 2025 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა ადგილზე სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ამჯერად „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, რომ თელავის აეროპორტის პროექტირების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

წყარო: www.bpn.ge