"თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 ტონამდე პლასტიკის პარკი დაილუქა, ხოლო 14 სინჯი სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. აღნიშნული 14 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 1 სინჯში გამოვლინდა", -  ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

როგორც ტარიელ ირემაძე აღნიშნავს, პლასტიკის პარკების ინსპექტირება მუდმივი პროცესია. ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ლაბორატორიულ კვლევებში ძალიან დიდი ყურადღება პარკებში მძიმე მეტალის შემცველობის არსებობას ეთმობა.

"გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მასშტაბური ტიპის ინსპექტირება განახორციელა და ახლაც მიმდინარე პროცესია. თბილისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტიპის ინსპექტირება განხორციელდა, სადაც დაახლოებით, 3 ტონამდე პლასტიკის პარკი დაილუქა. ჩვენი მხრიდან 14 სინჯი სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა... აღნიშნული 14 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 1 სინჯში გამოვლინდა. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა ისეთი ტიპის ბიოქიმიკატები შემოიტანეს, რომელიც იმ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, რასაც დღეს პარკები უნდა აკმაყოფილებდეს. ინსპექტირება არ არის, მხოლოდ პარკის დალუქვა და ლაბორატორიაში შემდგომი ანალიზისთვის გადატანა - აქაა საწარმოო პროცესის დათვალიერება, აღწერა, ეს წლების განმავლობაში დეპარტამენტის მიერ ხორციელდებოდა და შედეგებიც იყო.  ლაბორატორიულ კვლევებში ასევე ძალიან დიდ ყურადღებას პარკებში მძიმე მეტალების შემცველობას ვუთმობთ, მარტივად, რომ ვთქვათ ეს გულისხმობს პარკში ისეთი ქიმიური ნივთიერების დადგენას, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მაგალითად, თუთია, ქრომი, ტყვია და ა.შ. 

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნულ მიმართულებას ნაწილებად არ ყოფს - განგრძობადი პროცესია. ახლაც თბილისის რამდენიმე საწარმოს ინსპექტირება მიმდინარეობს. ახლო მომავალში დამატებითი, ახალი შედეგები გვექნება", - აღნიშნავს ტარიელ ირემაძე.

წყარო: bp.ge