ძლიერი ნალექისა და ელჭექის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოპერირებას. მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე.
ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჩამომფრენი მგზავრების გამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობიდან დროებით ადგილობრივი ფრენებისთვის განკუთვნილი გამოსასვლელიდან ხორციელდება.
„უამინდობისა და ელჭექის გამო მხოლოდ სამი რეისი გადამისამართდა ქუთაისის, ალმათისა და ბაქოს აეროპორტებში. აეროპორტს ელექტროენერგია ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება და ოპერირება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მგზავრებს ვთხოვთ, ფრენის შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის გადაამოწმონ მონაცემები შესაბამის ავიაკომპანიასთან ან აეროპორტის საინფორმაციო არხებზე“, – აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. მოსაცდელ ნაწილში, სადაც წვიმა ჩამოვიდა, უსაფრთოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა ელექტროენერგიის დროებით შეწყვეტა.