ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე სანქციების დაწესებისა და ფასის ზედა ზღვრის ამოქმედების შემდეგ, ბერძენი გემთმფლობელები რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორებად ჩამოყალიბდნენ. Financial Times-ის შეფასებით, ბერძნულმა კომპანიებმა რუსული ნავთობის გადაზიდვით 3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, 2022-2023 წლების ზამთრიდან მოყოლებული ბერძნულმა კომპანიებმა 542 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი გადაიტანეს. ამ მაჩვენებლით მათ მხოლოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიები უსწრებენ, რომლებმაც თითქმის 1.1 მილიარდი ბარელი გადაიზიდეს. მათი ნაწილი რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მართვისთვის იყო შექმნილი.

Financial Times აღნიშნავს, რომ ბერძნული კომპანიების რეალური შემოსავალი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია, რადგან გამოცემის შეფასება მხოლოდ იმ მარშრუტებს ეფუძნება, რომლებზეც ტვირთის გადაზიდვის ღირებულების შესახებ მონაცემები იყო ხელმისაწვდომი. ანალიზში გამოყენებულია Argus Media-ის, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და Kpler-ის მონაცემები.

ყველაზე დიდი შემოსავალი ბერძენ მილიარდერ გიორგი პროკოპიუსის კომპანიამ Dynacom Tankers-მა მიიღო. კომპანიის ტანკერებმა 2023 წლის ივლისიდან 101 რეისის ფარგლებში 108.4 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი გადაიტანეს, რამაც კომპანიას დაახლოებით 914.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

მომდევნო ადგილებზე არიან Olympic Shipping and Management, რომელმაც 403.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, Stealth Maritime — 233.6 მილიონი დოლარით, Polembros Shipping — 210 მილიონი დოლარით, ხოლო New Shipping-ის შემოსავალმა 187.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

Windward-ისა და Vortexa-ს მონაცემებით, 2026 წლის მაისში რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტის თითქმის 15% სწორედ ბერძნულმა კომპანიებმა განახორციელეს.

Financial Times-თან საუბრისას საზღვაო ანალიტიკოსმა მიშელ ვიზე ბოკმანმა აღნიშნა, რომ ამ მარშრუტებზე მუშაობა მაღალი მოგების შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც ბერძნული კომპანიები საქმიანობას აგრძელებენ, მიუხედავად არსებული რისკებისა.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბერძნული გადამზიდავების საქმიანობამ გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია კიევსა და ათენს შორის. 2023 წელს რამდენიმე კომპანია, მათ შორის Dynacom Tankers, უკრაინამ „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეიყვანა, თუმცა მოგვიანებით, საბერძნეთის მთავრობის მოთხოვნით, სიიდან ამოიღო.

თავად გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ საქმიანობას დასავლეთის სანქციების სრული დაცვით ახორციელებენ და რუსულ ნავთობს მხოლოდ დადგენილი ფასობრივი ლიმიტის ფარგლებში ეზიდებიან. მათი განმარტებით, ყველა რეისი მოქმედი საერთაშორისო სანქციებისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად შესრულდა.

Financial Times-ის ინფორმაციით, მიუხედავად სანქციებისა, რუსული ნავთობის გადაზიდვაზე ტანკერების დაქირავება კვლავ მნიშვნელოვნად ძვირია — საბროკერო კომპანიების შეფასებით, ტვირთის გადაზიდვის ტარიფი არასანქცირებული ტვირთების ტრანსპორტირებასთან შედარებით 30-40%-ით მაღალია, რაც ამ მარშრუტებს გადამზიდავებისთვის განსაკუთრებით მომგებიანს ხდის.