თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ჯამურად 12,3 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები 20 თებერვალს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 16-17 მარტამდე დასრულდება. მიწოდების ვადად კი თითოეულის შემთხვევაში წერილობითი დავალების მიცემიდან 90 დღე, ანუ სამი თვეა გათვალისწინებული. უცნობია, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ერთდროულად წარიმართება, თუ არა.
ტენდერები 5 მონაკვეთზე ცალ-ცალკეა გამოცხადებული. მათ შორის:
- კაკაბაძეების ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ “მერანამდე” მონაკვეთი - 2 555 446 ლარი
- სავაჭრო ცენტრ "მერანიდან" ალ. ჭავჭავაძის ქუჩამდე მონაკვეთი - 2 126 797 ლარი
- ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთი – 2 321 065 ლარი
- ბესიკის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩამდე მონაკვეთი - 2 482 117 ლარი
- 9 აპრილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი - 2 865 489 ლარი
საპროექტ მონაკვეთის სიგრძე ჯამში შეადგენს 1442 მეტრს.
საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია:
- საპროექტო მონაკვეთზე გვხვდება ასფალტბეტონის საფარი საშუალო სისქით 20 სმ, რომელიც დაზიანებულია, შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები; აქედან გამომდინარე საჭიროა საგზაო სამოსის კაპიტალური რემონტი.
- ტროტუარზე მოწყობილია, როგორც ბეტონის ისე ბუნებრივი ქვის ფილები, რომელიც გარკვეულ ადგილებში ამორტიზებულია ან დამტვრეულია; დამკვეთის მოთხოვნით პროექტით გათვალისწინებულია მთელ ტროტუარის ფართზე ახალი ბუნებრივი ქვის (ტრავენტინი) ფილების მოწყობა.
- საპროექტო მონაკვეთზე არსებული სანიაღვრე ქსელი ვერ უზრუნველყოფს მოსული ნალექების სრულად აცილებას გზის სავალი ნაწილიდან, ამიტომ პროექტით გათვალისწინებულია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა.
- ტექნიკური დავალების მიხედვით და დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებულია გზის მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა.
- პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჭების დემონტაჟი და ახლის მოწყობა.
- საპროექტო გზაზე გვხვდება მიწისქვეშა გადასასვლელები, მიწისქვეშა გადასასვლელებზე დამკვეთის მოთხოვნით გათვალისწინებულია ჰიდროიზოლაციის მოწყობა.
- გზის გარკვეულ ადგილებში ტროტუარზე მოწყობილია ლითონის მოაჯირები, პროექტით გათვალისწინებულია მათი დემონტაჟი, შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით და სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი უკან მონტაჟი.
- პროექტით ასევე გათვალისწინებულია ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობა სულ 16 ცალი, რომელიც დაერთდება არსებული წყლის მილებზე.
- დამკვეთის მოთხოვნით გზის ორივე მხარეს ტროტუარზე პროექტით გათვალისწინებულია დახურული ტიპის რკ/ბეტონის არხის მოწყობა, სადაც გაივლის ადგილობრივი კომუნიკაციის კაბელები.
- დამკვეთის მოთხოვნით პროექტით გათვალისწინებულია არსებულ გაზონებზე მექანიკური სარწყავი სისტემის მოწყობა. სარწყავი სისტემის დაერთება უნდა მოხდეს GWP-ის მილზე მასთან შეთანხმებით.
ცნობისთვის, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ჯამში 71 მილიონი ლარი დაჯდება. ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 40 მილიონი ლარი უნდა დამჯდარიყო, თუმცა მისი მასშტაბი და შესასრულებელი სამუშაოების აღწერა გაფართოვდა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
შ. რუსთაველის გამზირის და მ. კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია - 40 მილიონი ლარი;
ფილები და კაბელარხები (შ. რუსთაველის ქუჩისთვის) - 13 მილიონი ლარი;
შ.რუსთაველის გამზირზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავშემკრები მიწისქვეშა 200 ერთეული კონტეინერის შეძენა-მონტაჟი.