თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოსახლეობის პროტესტის გამო 2019 წელს შეჩერდა, განახლებული პროექტით გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მიხედვით, ამჯერად „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთზე გზშ-ს ანგარიშის მომზადება დაევალა.

ცნობისათვის, გარემოს ეროვნულ სააგენტოში თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადი მიმდინარე წლის მარტის ბოლოს შევიდა. იქამდე არსებული პროექტით აღნიშნულ მონაკვეთს ფონიჭალის ტერიტორია უნდა გაევლო. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განხილული იყო 6.8 კმ სიგრძის ურბანული გზის მოდერნიზაცია. ამასთან, პროექტი ითვალისწინებდა მდინარე მტკვრის პირას ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, არსებული ორზოლიანი გზის მოდერნიზაციას ოთხ ზოლამდე.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალი ფონიჭალაზე აღარ გავა

„წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ორი (პირველი და მესამე) მონაკვეთის მოდერნიზაცია დასრულებულია, ხოლო ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით გათვალისწინებულია დარჩენილი მონაკვეთის (მეორე მონაკვეთი - ფონიჭალა) პროექტში ცვლილების შეტანა. პროექტით გათვალისწინებულია 3.65 კმ სიგრძის ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: 2 კვანძის, 7 ხიდის და ნაპირსამაგრის მოწყობა“, - აღნიშნულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

განახლებული პროექტის მიხედვით, საპროექტო გზის დერეფანი იწყება რკინიგზის ხიდის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ხიდით გადადის მდინარის მეორე სანაპიროზე. მარცხენა სანაპიროზე გადასვლის შემდეგ მონაკვეთი გადის მდინარის გასწვრივ, დასახლებულ ზონას და მდინარეს შორის. საავტომობილო გზა კვეთს მტკვრის მარცხენა გვერდითი შენაკადის ხევს, სადაც იგეგმება სახიდე გადასასვლელის მოწყობა. გარდაბნის გზატკეცილთან დამაკავშირებელი კვანძის (IC1) შემდეგ, გზა ოთხმალიანი ხიდით უბრუნდება მარჯვენა სანაპიროს, გადის საწარმოო და დასახლებულ ზონას, სადაც ასევე ეწყობა სახიდე გადასასვლელი. საპროექტო გზა მეორე კვანძის (IC2) შემდეგ უერთდება თბილისი-წითელი ხიდის არსებულ საავტომობილო გზას, ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე. გარკვეულ მონაკვეთზე საპროექტო ტრასა მოწყობილი იქნება ყრილზე. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, სახიდე გადასასვლელების მოწყობა დაგეგმილია ასევე კვანძების ფარგლებში. კერძოდ, პირველი კვანძის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთი, ხოლო მეორე კვანძის ფარგლებში ორი ხიდის მოწყობა. საპროექტო გზაზე დასაშვები სიჩქარე იქნება 80 კმ/სთ“, - აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული 7 სახიდე გადასასვლელიდან 2 მდინარე მტკვრის კვეთაში ეწყობა, რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს 378 მეტრს. საპროექტო მონაკვეთის დასაწყისში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადასასვლელი ხიდის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 208 მეტრს, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე დასაბრუნებელი მეორე ხიდის - დაახლოებით 170 მეტრს. ხიდებზე ასევე მოეწყობა ტროტუარი, რომლის სიგანე ხიდის მოაჯირიდან სავალ ნაწილამდე იქნება 1.5 მეტრი.

„სკოპინგის პროცედურის შედეგად სააგენტოს მიერ იდენტიფიცირდა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელი ძირითადი ზემოქმედების წყაროები, სახეები და ობიექტები. განისაზღვრა და დადგინდა ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შედეგად გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე გზშ-ის პროცესში დეტალურად შესასწავლი ზემოქმედებების საკითხები. მათ შორის, არსებული და ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით გათვალისწინებული საქმიანობის დეტალური აღწერა; გარემოს დაცვის მიზნით შემოთავაზებული გონივრული ალტერნატიული ვარიანტების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი დასაბუთებით და ა.შ.“, - აღნიშნულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.

ამასთანავე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გასული წლის ივნისში გამოაცხადა. საუბარია 3 კილომეტრიან გზაზე, რომელიც ფონიჭალას გაივლიდა. ხელშეკრულება შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალთან“ არის გაფორმებული. კომპანია სამუშაოს 3 165 000 ლარად ასრულებს. ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ბოლომდეა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო 2019 წელს შეჩერდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი