სომხეთში დაიწყო 7.2-კილომეტრიანი კაჯარანის გვირაბის მშენებლობა, რომელიც "ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო დერეფნის საკვანძო მონაკვეთად იქცევა. პროექტი ირანისა და საქართველოს საზღვრებს დააკავშირებს და მგზავრობის დროს 40 წუთით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

7.2 კმ სიგრძის გვირაბი "ჩრდილოეთ-სამხრეთის" საერთაშორისო მარშრუტის ნაწილი გახდება. პროექტის ჯამური ღირებულება თითქმის 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა ფინანსდება ევრაზიის სტაბილიზაციისა და განვითარების ფონდის 200 მილიონი დოლარის კრედიტითა და სომხეთის მთავრობის სახსრებით.

სამშენებლო სამუშაოებს ირანული კომპანიები Tunnel Sadd Ariana და Abad Rahan Pars International Group შეასრულებენ.

სომხეთის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გვირაბი არსებულ მარშრუტს 14 კილომეტრით შეამოკლებს, ირანის საზღვრიდან კაჯარანამდე მგზავრობის დროს კი თითქმის 40 წუთით შეამცირებს. პროექტი ასევე უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში უსაფრთხო მოძრაობას 2 535 მეტრზე მდებარე მაღალმთიანი მეღრის უღელტეხილის გვერდის ავლით.

გვირაბის მშენებლობა დაახლოებით 6 წელი გაგრძელდება. პარალელურად, სომხეთმა და ირანმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

Gbc.ge