სამგორის რაიონში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, სპორტული სივრცე მოეწყობა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი სოფელ დიდ ლილოში, არჩილ მეფის ქ. N5-ში განხორციელდება და  საფეხბურთო მოედნისა და პადელის კორტის მშენებლობას მოიცავს.

„ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანს ექნება მაყურებელთა ტრიბუნა, რომელიც 120 მაყურებელზეა გათვლილი. ადგილები გათვალისწინებული იქნება შშმ პირთათვისაც. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე აშენდება გასახდელი საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. რაც შეეხება პადელის მოედანს, იგი 200 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სატრენაჟორო სივრცისა და სარბენი ბილიკის მოწყობაც, დანარჩენი სივრცე კი რეკრეაციას დაეთმობა“, - განაცხადა მერმა.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს