ლოგისტიკური კომპანია Tradelog-ის დამფუძნებელი, ზურაბ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დონეზე ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა ტვირთნაკადების საქართველოზე გადმორთვას შეუწყობს ხელს.

"ხარჯების ზრდამ შესაძლოა, კვლავ ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედოს და მთელი ტვირთნაკადი თუ ტვირთბრუნვა გადმოერთოს ე.წ. შუა დერეფანზე, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვსაუბრობთ.

ჩემი შეფასებით, ამ შუა დერეფნის ფუნქცია მხოლოდ გეოგრაფიული და სტრატეგიული მონაკვეთის წარმატებული გამოყენება არ არის, ეს არის გეოეკონომიკური პლატფორმა, რომელიც ტვირთების გადაზიდვის საუკეთესო ალტერნატიულ სივრცედ ყალიბდება. არსებული საერთაშორისო ფონი მიუხედავად მისი უარყოფითი ხასიათისა, ამ მიმართულებით ჩვენთვის სასარგებლოდ მოქმედებს.

ჩვენ მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ ეს პლატფორმა მეზობელ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი (რომელთანაც ამ ნაწილში უშუალოდ ვართ დაკავშირებულნი) და რა თქმა უნდა, სომხეთი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ჩვენი თაოსნობით წარიმართოს, რადგან ამ ჯაჭვის ყველაზე მთავარი რგოლი და შემადგენელი ნაწილი სწორედ ჩვენ ვართ.

ჩვენ გვაქვს მულტიმოდალური გადაზიდვების ყველა საჭირო რესურსი დაწყებული საზღვაო ინფრასტრუქტურით, დასრულებული სახმელეთო გამტარიანობითა და საკვანძო სარკინიგზო მიმართულებებით. ჩვენ შეგვიძლია მოთხოვნები კომპლექსურად დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, სხვა მარშრუტებზე გაზრდილი ტარიფები თუ სხვა ფაქტორები, პირდაპირ აისახება ჩვენი დერეფნის მიმართ მოთხოვნის ზრდაზე.

ეს პროცესები ერთმანეთის ალტერნატივას წარმოადგენს, რაც სხვა მიმართულებების მნიშვნელობას ცალსახად ვერ დააკნინებს, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მარშრუტი უფრო მოთხოვნადი ხდება. ზოგადად, ლოგისტიკა გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული არეალის ათვისებას, არამედ იმ მოქნილობას, რომელიც პროცესებში ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მხრიდან იქნება ჩართული", - განაცხადა კვარაცხელიამ "ანალიტიკაში".

bm.ge