სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ-ი - სივრცითი და ქალაქთმშენებლობით განვითარების სააგენტო განსაზღვრავს.

შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც მთავრობის ინიციატივით მომზადდა.

კოდექსში შესატან ცვლილებებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომებზე ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებისთვის დადგენილი სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 2028 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე იზრდება.

მისი თქმით, ვადის გაგრძელება იმ შრომატევად საქმიანობას უკავშირდება, რასაც სივრცითი დაგეგმარების გეგმების მომზადება მოითხოვს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კოდექსს საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავების ახალი მიდგომა ემატება.

მისივე განმარტებით, საბაზისო-თემატური გეგმა დროებითი, გარდამავალი გეგმაა, რომლის მიზანი დასაგეგმარებელი ტერიტორიისთვის ამა თუ იმ მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კულტურული და ისტორიული იდენტობის გათვალისწინება და შესაბამისი ტერიტორიების მოწესრიგებული განვითარებაა, რაც ქაოსურ განაშენიანებას გამორიცხავს.

ნინო ენუქიძის განცხადებით, კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც მუნიციპალიტეტების სივრცითი განვითარების პროცესში ესთეტიკური პარამეტრების შემოღებას ითვალისწინებს.

კოდექსით შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტების წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობითი საქმიანობა შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი მზად არის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს საშტატო ერთეულებისა და მათი დაფინანსების გაზრდის საკითხს მხარი დაუჭიროს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, სივრცითი დაგეგმარების სფეროში ახალი სტანდარტების შემოღება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

​„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს