რუმინულ გამოცემა point.md-ის ინფორმაციით, რუმინეთის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორს Transelectrica-სა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (GSE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი ტექნიკური მომზადების ეტაპზე გადავიდა.

პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას შავი ზღვის ფსკერზე, რაც საქართველოსა და რუმინეთს ელექტროენერგიის პირდაპირი გადაცემის შესაძლებლობას მისცემს და ევროკავშირის მიმართულებით ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნას შეუწყობს ხელს.

Transelectrica-ს განცხადებით, ეს რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივაა, ხოლო მემორანდუმის ხელმოწერა ინფრასტრუქტურის შექმნის პრაქტიკული სამუშაოების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, ისე ციფრული კავშირის ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოს ანაკლიასა და რუმინეთის კონსტანცას შორის.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურის საერთო სიგრძე 1 155 კილომეტრია. აქედან 1 115 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე გაივლის, ხოლო 40 კილომეტრი ხმელეთზე განთავსდება. გადამცემი ხაზის საპროექტო სიმძლავრე 1 300 მეგავატია.

რუმინული მხარის შეფასებით, პროექტის განხორციელება ქვეყანას ევროპულ ენერგოსისტემასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის, ელექტროენერგიის დამატებით წყაროებზე წვდომის, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და განახლებადი ენერგიის უფრო ფართოდ ინტეგრირების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, რუმინეთის როლი ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

Transelectrica-ში აცხადებენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.