„სატრანსპორტო სექტორი უპრეცედენტო მაჩვენებლებით გამოირჩევა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის, ანუ 8 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს როგორც საზღვაო, ასევე სარკინიგზო და ავიაციის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა მიმდინარე წელს სატრანსპორტო სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას.
თამარ იოსელიანის თქმით, ზრდა ფიქსირდება ტვირთის ყველა სახეობის მიმართულებით.
„საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით, ჯამურად საზღვაო ნავსადგურების მიერ გადამუშავებულ იქნა დაახლოებით 13, 700 000 ტონა, რაც წარმოადგენს 24%-იან მატებას. ამასთანავე, კონტეინერების მიმართულებითაც ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 9%-იანი ზრდა გვაქვს და გადამუშავდა დაახლოებით 554 000 TEU კონტეინერი, რაც ცხადია, უპრეცედენტო მაჩვენებელია პირველი რვა თვის ჭრილში, წლის განმავლობაში და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით რეკორდულ მაჩვენებლებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, რკინიგზის მიმართულებითაც რეკორდული მაჩვენებლებია ბოლო ათწლეულის განმავლობაში - გადამუშავდა დაახლოებით 9,700 000 ტონა ტვირთი, რაც დაახლოებით 9%-იანი მატებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით.
„აქვე ხაზგასასმელია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტრანზიტის რეჟიმში გვაქვს 14%-იანი მატება, რაც ცხადია, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფნის როლი იზრდება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს როლიც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი კვანძის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო საავიაციო სექტორში არსებული გამოწვევებისა, ასევე პოზიტიური დინამიკით ხასიათდება წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი.
„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, ზოგადად, აეროპორტებით გადამუშავებულ ტვირთებს - დაახლოებით 29 000 ტონა გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით გვაძლევს 30%-იან სხვაობას ანუ მატება გვაქვს ამ მიმართულებითაც და აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენციები ძალიან დამაიმედებელია და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს სწორი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სექტორი. ცხადია, ამ კუთხით ჩვენ კერძო პარტნიორებთანაც ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა გვაქვს“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს