მიმდინარე წელს საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საინჟინრო-გეოლოგიური კომპანიის „თბილინვესტპროექტის“ მთავარმა გეოლოგმა გუგა სადრაძემ განუცხადა. მისი თქმით, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 2023 წლის პირველ 8 თვეში შეკვეთები 30%-ით არის გაზრდილი.

„კომპანიებისა და კერძო პირებისგან მომართვიანობა აშკარად არის გაზრდილი.  აგვისტომდე იმდენი კვლევა გვაქვს ჩატარებული, რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში. მოთხოვნის გაზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ კონტროლი გამკაცრდა. ასევე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების შემდეგ,  საზოგადოებაში გეოლოგიური კვლევების მიმართ ცნობიერება გაიზარდა და სამშენებლო სექტორმაც გააცნობიერა ხარისხიანი კვლევის მნიშვნელობა.  კიდევ ერთი მიზეზი მშენებლობების რაოდენობის ზრდაცაა.“

როგორც  „თბილინვესტპროექტში" აცხადებენ, მოთხოვნა გაზრდილია როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ბოლო წლებში კი შეინიშნება მასშტაბური პროექტების მატებაც.

„მიმდინარე პროექტებთან ერთად, ჩვენი კომპანია დღეისათვის რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე მუშაობს, ზოგადად ტენდენციაა რომ გაიზარდა მაღალსართულიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების რაოდენობა. ასეთი პროექტების განხორციელება დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების გარეშე დაუშვებელი და სახიფათოა." 

კომპანია „თბილინვესტპროექტი“ ქართულ ბაზარზე 24 წელია ოპერირებს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევაა.