საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევის, გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 40 მილიონ ევროს გაუტოლდა. შედეგად, გიორგიმ ნაკრებში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსი გაიმყარა და ამ დროისთვის სატრანსფერო ფასით მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას (€140 მილიონი) ჩამორჩება.
გიორგი მიქაუტაძის საბაზრო ღირებულებამ €1-მილიონიან ნიშნულს 2020 წლის ოქტომბერში გადააბიჯა, როდესაც ფეხბურთელი ბელგიური „სერენის“ ღირსებას იცავდა. ის „მეციდან“ სწორედ ამ კლუბში იყო განათხოვრებული.
2023 წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მეცმა“ „აიაქსში“ გაასხვისა. ნიდერლანდურმა კლუბმა სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა „აიაქსში“ გიორგის კარიერა ვერ აეწყო და ის კვლავ „მეცმა“, 13 მილიონი ევროდ გამოისყიდა.
2024 წლის ზაფხულში მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკს“ შეუერთდა, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში, ფრანგულ კლუბს ფინანსური პრობლემების გამო მისი გაშვება მოუწია. გიორგიმ კი კარიერა ესპანეთის ლა-ლიგაში, „ვილიარეალში“ განაგრძო. კლუბმა 25 წლის ქართველი ფეხბურთელი 22 მილიონ ევროდ შეიძინა.