თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ პროექტის მშენებლობა განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამ მიმართულებით ყველა საექსპერტო, გეოლოგიური და შესაბამისი დოკუმენტი გათვალისწინებულია.

როგორც მან თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პერიოდში, ყველა „ადეკვატური მოსაზრება გათვალისწინებული იქნება“.

„როდესაც განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულებაზე და დამტკიცებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ყველა მიმართულებით საექსპერტო კვლევები. ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმა მივიღეთ, რომელიც შემდგომ ეტაპს, უკვე პროექტის სახით (მიღებას) ითვალისწინებს. გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც ეს პროექტი იქნება წარმოდგენილი, აუცილებლად ყველა მიმართულებით იქნება საექსპერტო დასკვნები. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება, როგორც საექსპერტო დასკვნებს, ისე ყველა მოთხოვნილ გეოლოგიურ დასკვნებს და შესაბამის დოკუმენტებს, რომლებიც არის და იქნება წარმოდგენილი. ძალიან გთხოვთ, ნუ შევიყვანთ შეცდომაში მოსახლეობას და ნუ გვექნება მცდელობა იმისა, თითქოსდა ჩვენ იმგვარ დოკუმენტს ვიღებთ და ვამტკიცებთ განაშენიანების რეგულირების იმგვარ გეგმას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საფრთხეს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება ჩვენი კოლეგების და თქვენ მიმართ, რომ კიდევ უფრო შინაარსობრივად განვიხილოთ პროექტები და ნაკლები პოლიტიკა იყოს. თუ რაიმე შინაარსობრივი, ადეკვატური მოსაზრება იქნება, ჩვენ გავითვალისწინებთ. ჩვენ ვართ ღია, ჩვენი თანამოქალაქეების აზრი მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

არაადეკვატურია ჩვენი კოლეგების, ოპოზიციონერების მხრიდან, პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანა ამ გადაწყვეტილებებში. ექსპერტებს ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ. გადაწყვეტილებებს შესაბამისად ვიღებთ. არაადეკვატური მგონია, რომ ინვესტიციებზე და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე საუბრისას, პოლიტიკა და პოლიტიკური დღის წესრიგი შემოიტანო და იმ მიმართულებით წახვიდე, რომ ეს ადამიანები „ოცნების“ შემომწირველები არიან“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე განმარტებით, ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელებისას გენერალური გეგმისგან გადახვევა ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სიმართლეს როცა არ ამბობ ადამიანი და საკრებულოს წევრი, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურია, აბა რას ჰქვია. რომელი გადაწყვეტილება არ არის გენერალური გეგმის შესაბამისად, ერთი მითხარით მაშინ. ის, რომ ქალაქში არსებული სამრეწველო არეალები განვითარდეს, ამას რომ გენგეგმა გვეუბნება, ამას უარყოფთ და ეს არ არის სიმართლე? რაზე ვსაუბრობთ მაშინ? მოსაზრებები ექსპერტების მხრიდან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, სადავო და საკამათო იყოს, თუმცა ის, რომ რაიმე სახის დარღვევა და გენერალური გეგმისგან გადახვევა ხდება, სიმართლე არ არის“, - აღნიშნავს ტყემალაძე.