„ბოლო პერიოდში გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა ჩინური ტვირთებისთვის სპეციალურად ჩინური ავიაგადამყვანების რესურსს იყენებენ, რაც საქართველოს როლსა და ფუნქციას ასუსტებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ავიაციის სფეროს ექსპერტი, იასე ზაუტაშვილი, აცხადებს.

ცნობისთვის, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8% - გაგზავნილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობა 6.6 ათას ტონა იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ ზრდა 36.3%-ია.

„საქართველოში შემოსული ტვირთების დიდი ნაწილი ევროპაში გაედინება და ჩვენი ქვეყანა ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს - სხვანაირად რომ ვთქვათ, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქცია აქვს. თითქმის ნულის ტოლია ტვირთების ის რაოდენობა, რაც აქ რჩება. ძირითადად შემოდის ტვირთები ჩინეთიდან, Temu-ს ტვირთები, რომლებიც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი გავლით ევროპაში გადის.

თუმცა, ბოლო პერიოდში გვაქვს ისეთი შემთხვევები, როცა ჩინური ტვირთებისთვის სპეციალურად ჩინური ავიაგადამყვანების რესურსს იყენებენ, რაც საქართველოს როლსა და ფუნქციას ასუსტებს. ქართული მხარის მოვალეობები შემცირდა უშუალოდ ტვირთის გადაზიდვის მხრივაც, რადგან ამასაც უკვე თავად აკეთებენ.

სამგზავრო გადაზიდვებისგან განსხვავებით, სატვირთო გადაზიდვებში ამ პერიოდში აქტივობა ისედაც დაბალია, რაც სეზონურობით აიხსნება. ივლისი-აგვისტო დაბალი აქტივობაა ხოლმე და ვითარება სექტემბრის შუა რიცხვებიდან იცვლება“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: www.bpn.ge