მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ქვეყანაში რეფორმის განხორციელება წლების განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა მისი დაწყება ვერ ხერხდებოდა. პროექტის სისრულეში მოყვანა დაიწყო, თუმცა რეფორმა გაწერილი გეგმის მიხედვით შესაძლოა ვერ შესრულდეს. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი რეგულაციის ამოქმედების ვადამ გადაიწია. საუბარია ქალაქებს შორის მგზავრთა გადაყვანის პროცესში შესულ ცვლილებაზე. რეგულაცია, რომელიც 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსების გამოყენების სავალდებულო წესს ადგენს, 2025 წლის 1 ივნისს უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ამოქმედების ვადამ 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ ,,გადაწყვეტილება  სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და  შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების  შეძენისათვის.’’

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება ყველაზე მეტად მგზავრთა გადამყვან კომპანიებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეხოთ და მათ წინაშე ფინანსური საკითხი დადგა. მისივე თქმით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ბიზნესის თხოვნა გაითვალისწინა და მათ დამატებითი დრო მისცა, რათა მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა შეძლონ. დავით მესხიშვილი განმარტავს, რომ 150 კილომეტრზე მეტი მანძილზე სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება უსაფრთხოების ზომების დაცვას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საჭიროა რეფორმის განხორციელებაში ბიზნესიც ჩაერთოს და მძღოლების უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოს, რათა მათ მგზავრთა გადაყვანის პროცესი სწორად წარმართონ.

,,არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. შესაბამისად, ძალიან ბევრ ქვეყანაში საქალაქთაშორისო მიმოსვლა საერთოდ აკრძალულია ე.წ. მარშუტკებით, ამიტომ ეს ცვლილება ყველაზე მეტად შეეხოთ მგზავრთა გადამყვან კომპანიებს. აქ ფინანსურმა საკითხმა წამოიწია წინ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ბიზნესისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების მოთხოვნა გარკვეულწილად გაითვალისწინა და ამიტომაც მოხდა გადავადება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ნამდვილად უმჯობესია, რომ ბიზნესმაც ხელი შეუწყოს. თავად ბიზნესმაც უნდა დაიცვას თავისი მძღოლი მაინც მინიმუმ, რათა მძღოლს ჰქონდეს შესაბამისი პირობები საქალაქთაშორისო მიმოსვლის დროს, რომ მისი უფლებებიც იყოს დაცული. ამიტომ, როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, მარტო მგზავრებზე არ ვსაუბრობთ. მძღოლის უსაფრთხოება არის პირველ რიგში დასაცველი, რომ მან შეძლოს მგზავრების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება.’’- აცხადებს დავით მესხიშვილი.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რეფორმის გატარება წლების განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა მისი განხორციელება ვერ ხერხდებოდა. დავით მესხიშვილი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ რეფორმის განხორციელების დაწყებას მიესალმება და აღნიშნა, რომ ცვლილებები გაწერილი გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს. მისივე განმარტებით, რეფორმა ერთ დღეში ვერ განხორციელდება, რადგან სექტორში უამრავი პრობლემაა. მათ შორის გამოწვევაა მძღოლების კვალიფიკაცია, სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა, არარეგისტრირებული ავტოსადგურები და ე.წ. ,,ხიშნიკი“ მძღოლები, რომელიც მგზავრებს ავტოსადგურების გარეთ იყვანენ.

,,სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თამამი გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან მრავალი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვდით რეფორმის დაწყებას. რას უნდა მოემსახუროს და რა მიზანი უნდა ჰქონდეს ამ რეფორმას? პირველი არის უსაფრთხოების საკითხები. დღეს საქართველოში მგზავრების გადაყვანა პრაქტიკულად არის უსაფრთხოების სტანდარტების მთლიანად უგულებელყოფა. ხშირად მგზავრების გადაყვანა ხდება სატვირთო ტრანსპორტით, რომელიც ხშირ შემთხვევაში კუსტარულად არის გადაკეთებული. ხშირად ეს არის ის ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას არ მიმართავენ. კუსტარულად გადაკეთების დროს ხშირად ვხვდებით ე.წ. ტაბურეტკებს, ჩაჭედებულ სკამებს, სახლის ავეჯის სკამებს, რომელიც დამაგრებულია. ეს ნამდვილად არის კატასტროფის ტოლფასი. ამ ყველაფრის შეჯამებას თუ გავაკეთებთ, საქართველოში ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობა, მასში დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ასევე, უცნობია მძღოლთა კომპეტენცია. უცნობია, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პიროვნება იმ სტანდარტს, რომლითაც მძღოლები უნდა აკმაყოფილებდნენ უსაფრთხო გადაყვანა. უცნობია ავტოსადგურების რაოდენობა, რადგან ფორმალურად რეგისტრირებული ავტოსადგურების გარდა არსებობენ ე.წ. უკანონო ავტოსადგურები. თვით ორგანიზებულები, საიდანაც გადიან ე.წ. ,,ხიშნიკი'' მძღოლები, (სხვა ტერმინის გამოყენება ბევრჯერ გვიცდია, მაგრამ ასეა ცნობილი) რომლებიც გზაში იტაცებენ მგზავრებს და მგზავრებს ,,პარავენ“ იმ სატრანსპორტო საშუალებებს და მძღოლებს, რომლებიც გადიან რეგისტრირებული ავტო სადგურებიდან. ამიტომ, აქ არის სრული განუკითხაობა. პრობლემა არის ულევი.’’- აცხადებს დავით მესხიშვილი.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გამოწვევები ერთ დღეში ვერ მოგვარდება, თუმცა ქვეყანას აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები, რომელთა შესრულებაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მოხდეს. დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმის გატარების პროცესში ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს, თუმცა უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.

,,რა თქმა უნდა ყველა ეს საკითხი საჭიროებს მოგვარებას. გაწერილია ტექნიკური რეგლამენტები, რომლის მიხედვითაც ავტო სადგურებმა და გადამზიდავებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი მოთხოვნები. ეს არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი. გასაგებია ყველასთვის, (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს გვქონდა კონსულტაცია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან) სააგენტოსთვისაც გასაგებია, რომ პირველივე დღეს უმაღლეს დონეზე ვერ გაკეთდება. ეს არის განგრძობითი პროცესი. ყოველ დღეს რაღაც უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ.  ამავდროულად სფეროს, ბიზნეს ძალიან არ უნდა დააწვეს ცვლილებები, თუმცა საკითხები, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. უნდა მოგვარდეს და გადაწყდეს ყველა საკითხი დროში გაწერილი გეგმის მიხედვით.’’- აცხადებს დავით მესხიშვილი.