2025 წლის მიწურულს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალის მონაკვეთის) სამშენებლო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 490 017 333 ლარია.
გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა 7.3 კილომეტრიანი, 4-ზოლიანი გზა, რომელიც მოიცავს 3.4 კმ სიგრძის ორ პარალელურ გვირაბს, ასევე ხიდებს, საგზაო კვანძებსა და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს.
როგორც შესყიდვის დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიწამური-ავჭალის მონაკვეთი (ლოტი 2) იწყება არსებულ E60-ზე (აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალი), პატარა მდინარის არაგვის ერთ-ერთი სეზონური შენაკადის ხიდთან.
შესყიდვის თანახმად, წიწამური–ავჭალის მონაკვეთი ფაქტობრივად იყოფა სამ ნაწილად:
- არსებული E60-ის განახლება და წიწამურის ახალი სატრანსპორტო კვანძი;
- გვირაბი წიწამურსა და ავჭალას შორის;
- მიერთება მიტოვებულ რკინიგზასთან.

„არსებული წიწამურის კვანძი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას პატარა სოფელთან და ადგილობრივ მოძრაობასთან, უნდა განახლდეს, რათა მოემსახუროს სხვა მიმართულებებს, რომლებიც თბილისის შემოვლით გზას უკავშირდება.
მეორე მონაკვეთი მოიცავს დაახლოებით 3.3 კმ-იან ორმაგ გვირაბს, რომელიც აკავშირებს წიწამურსა და ავჭალის დასახლებებს.

„არსებული E-60 გზატკეცილი გადის ზაჰესის დასახლებაში, სადაც მრავალი სწორხაზოვანი უღელტეხილია მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში. ამ გზის გაუმჯობესებას დიდი სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედება ექნება, ამიტომ პროექტში გათვალისწინებულია შემოვლითი გვირაბი. გვირაბი ზაჰესის დასახლებას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გვერდს უვლის. ის იწყება წიწამურში სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით დამთავრდება ავჭალის სასაფლაოს მახლობლად, მისი საერთო სიგრძე 3.3 კმ-ია.

მესამე მონაკვეთი მოიცავს მიერთებას მიტოვებულ რკინიგზის კორიდორთან. ტრასა უერთდება მიტოვებულ რკინიგზას ავჭალის ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე დასახლებული რაიონია. მიტოვებული რკინიგზის გზა არჩეულია, როგორც საუკეთესო ალტერნატივა აღმოსავლეთ თბილისის შემოვლითი გზისთვის,“ - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, რომ წიწამური-ავჭალის მონაკვეთი თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი — რუსთავი) ნაწილია, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 49 კილომეტრია.