რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2027-2029 წლების ფედერალური ბიუჯეტი მეორე, ძირითად მოსმენაზე დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წელს რუსეთის ხელისუფლება არმიასა და შეიარაღების შესყიდვაზე 17.1 ტრილიონ რუბლს დახარჯავს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 35%-ია. ეს მაჩვენებელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეკორდულია.
თავდაცვის მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება 32%-ით გაიზრდება — 2026 წლის 12.9 ტრილიონი რუბლიდან 2027 წელს 17.1 ტრილიონ რუბლამდე. დამატებით, 4.6 ტრილიონი რუბლი გამოიყოფა ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული გვარდიის, საგამოძიებო კომიტეტის, სპეცსამსახურებისა და სასჯელაღსრულების სისტემის დაფინანსებას მოიცავს. ამ მიმართულებით ხარჯები 7.6%-ით გაიზრდება. შედეგად, არმიისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაფინანსება მთლიანად ფედერალური ბიუჯეტის 44%-ს — 21.3 ტრილიონ რუბლს შეადგენს.
სამხედრო ხარჯების ზრდის პარალელურად, შემცირდება სამოქალაქო სექტორების დაფინანსება. ჯანდაცვის ხარჯები 3%-ით, 1.81 ტრილიონ რუბლამდე იკლებს, ხოლო სოციალური მხარდაჭერის დაფინანსება, რომელშიც საპენსიო გადასახდელებისთვის სოციალური ფონდისთვის განკუთვნილი ტრანსფერებიც შედის, 6%-ით შემცირდება და 6.65 ტრილიონ რუბლს შეადგენს. 3%-ით შემცირდება ეროვნული ეკონომიკის მხარდაჭერის დაფინანსებაც, 8%-ით კი — საბინაო-კომუნალური მეურნეობის ხარჯები.
სამხედრო ბიუჯეტის დასაფინანსებლად რუსეთის ხელისუფლება გადასახადების გაზრდასაც გეგმავს. 2027 წლიდან ოქროს მომპოვებელ და ფერადი ლითონების მწარმოებელ კომპანიებს დამატებითი გადასახადი დაეკისრებათ. ასევე, 22%-მდე გაიზრდება საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალური განაკვეთი პასიურ შემოსავლებზე, მათ შორის საბანკო დეპოზიტებიდან მიღებულ პროცენტებზე. უცხოურ ონლაინმაღაზიებში შესყიდვებზე კი 22%-იანი დღგ დაწესდება. მიუხედავად საგადასახადო ცვლილებებისა, 2027 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 5.4 ტრილიონ რუბლს მიაღწევს.