საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება მედიით გავრცელებულ განცხადებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერ „პეტრე დიდის“ საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა.

„ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო ან საკრუიზო მიმოსვლა.

გამოცემა VESTIKAVKAZA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის „პეტრე დიდის“ საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, вестник кавказа-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი რუსული საკრუიზო გემი„ პეტრე დიდი“ საერთაშორისო მარშრუტი საქართველოსაც მოიცავდა.

გამოცემა წერდა, რომ „პეტრე დიდის“ საერთაშორისო მარშრუტი სამ ზღვას დაფარავს - შავ ზღვაში გემი ნოვოროსიისკში, სოჭში, ბათუმსა და სტამბოლში გაჩერდება.