საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა.
გამოცხადებული ტენდერი ითვალისწინებს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენას, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობას, ქუჩებისა და გზების განახლებას, ასევე საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა კონკურსი რუსთავის ცენტრალური პარკის — საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლის — განახლებაზე. პროექტის მიზანია პარკის სრულფასოვან, თანამედროვე რეკრეაციულ სივრცედ გარდაქმნა, რომელიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის დასვენებისა და აქტიური დროის გატარებისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტის ფარგლებში პარკში მოეწყობა საბავშვო სათამაშო სივრცეები და სპორტული ზონები — ღია კალათბურთის მოედნითა და სავარჯიშო სივრცეებით. განახლდება არსებული მინი ფეხბურთის მოედანი, ქვიშის ფრენბურთის მოედანი და სკეიტ-პარკი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციულ სივრცეებს — მოეწყობა დასასვენებელი ზონები, გამწვანებული მარშრუტები, რეაბილიტირდება ამფითეატრი და ფანჩატური.
ასევე დაგეგმილია საველოსიპედო, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება, დამატებითი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა და არსებული ტბის გაფართოება. პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავს შესაძლებლობა ექნება უმასპინძლოს ნიჩბოსნობის ტურნირებს. ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ მოეწყობა ნავმისადგომი, ხოლო ტბის სანაპირო ზოლი აღიჭურვება შესაბამისი ინფრასტრუქტურით — ღია საშხაპეებითა და საპირფარეშოებით.
რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ურბანულ გარემოს და შექმნის თანამედროვე, მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეს, სადაც სპორტი, კულტურა და ბუნება ერთიანდება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს