ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, ახლო აღმოსავლეთში დამატებით საზღვაო ქვეითებსა და ხომალდებს გზავნის.
ამის შესახებ გამოცემასთან სამმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა ილაპარაკა. მათი თქმით, ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა დაამტკიცა აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თხოვნა, მიეღოთ დამატებითი საზღვაო მზადყოფნის ჯგუფი, თავისი საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ქვედანაყოფით. წყაროების თქმით, მსგავსი ჯგუფები რამდენიმე საბრძოლო ხომალდსა და 5 000 საზღვაო ქვეითს მოიცავს.
ორმა ანონიმურმა წყარომ WSJ-სთან საუბარში თქვა, რომ იაპონიაში ბაზირებული ხომალდი USS Tripoli საკუთარ საზღვაო ქვეითებთან ერთად ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. მათივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მყოფი საზღვაო ქვეითები უკვე მონაწილეობენ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებში.
ABC News-ის ცნობით, 31-ე საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ქვედანაყოფის 2 200 სამხედრო USS Tripoli-ს საზღვაო მზადყოფნის ჯგუფთან ერთად ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. საზღვაო მზადყოფნის ჯგუფი შედგება ხომალდებისგან: USS Tripoli-სგან, USS San Diego-სგან და USS New Orleans-ისგან. გაცემულია დამატებით F-35B Lightning-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისა და MV-22-ის ტიპის ვერტმფრენების ესკადრილიების (20-მდე ერთეული) გადასროლის ბრძანებაც.
ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის თავდასხმების გამო ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ხომალდების გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ინფორმაციასთან დაკავშირებით პენტაგონში WSJ-სთან კომენტარი არ გააკეთეს.